რუსთავში იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის გახსნის ცერემონია გაიმართება

7 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, იაპონიის მთავრობის მიერ, გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული, "ქვემო ქართლის რეგიონის ქალაქ რუსთავის საქართველოს წითელი ჯვრის პირველადი ჯანდაცვის კლინიკის გაუმჯობესების პროექტის" საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება.

პროექტის საგრანტო შეთანხმებას 2013 წლის 5 დეკემბერს, იაპონიის საელჩოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის მოეწერა ხელი. პროექტის მიზანია ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისათვის პირველადი ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის გაუმჯობესება საქართველოს წითელი ჯვრის (GRCS) პირველადი ჯანდაცვის კლინიკაში. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 91,000 ა.შ.შ. დოლარს.

"გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების" (GGP) საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც ინიცირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ყოფის სტანდარტის გაუმჯობესებას.

პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიც არის საზოგადო ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, გარემოს გაუმჯობესება და სიღარიბის დაძლევა. 1998 წლიდან GGP-ის ფარგლებში იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოში დაფინანსდა 139 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 12,887,599 ა.შ.შ. დოლარი შეადგინა. იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარებამ საქართველოსადმი კი 370 მილიონ ა.შ.შ. დოლარს გადააჭარბა, რომელიც მოიცავს ისეთ ფართო სპექტრს, როგორიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობა და სოციალური სექტორები, კულტურა და ადამიანური რესურსების განვითარება.