„ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის ის მოლოდინები, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და რომელიც უკავშირდება გზავნილების შესაძლო კლებას და ტურიზმის სექტორიდან შემოსულობების შემცირებას“, - ასე აფასებს ეკონომისტი აკაკი ცომაია ბოლო დღეებში ერონული ვალურის დევალვაციას. ამასთან, მისივე თქმით, გაუფასურებაზე დოლარის მსოფლიო ბაზარზე გამყარებაც მოქმედებს.
„ეს ისტერია, რაც ახლა ბაზარზეა, ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს და ლარმა ისევ გამყარება უნდა დაიწყოს“, - აცხადებს ეკონომისტი.
აკაკი ცომაიას აზრით, ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკს არ გააჩნია შესაბამისი რესურსები, რათა ბაზარზე ჩაერიოს და ლარის გაუფასურებას ხელი შეუშალოს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციები ამ ეტაპზე ფუჭად გადაყრილი ფულია.
„ეროვნულ ბანკს რომ ჰქონდეს დიდი რაოდენობის რეზერვები, ყველაზე კარგი აგრესიული ჩარევა იქნებოდა ბაზარზე. მაგალითად, როდესაც 2008 წელს მოხდა საქართველოში კრიზისი, მაშინ დიდი დახმარება მიიღო საქართველომ და შესაბამისად, აგრესიული ჩარევაც მოხდა ბაზარზე. თუ ასეთი რეზერვების მობილიზებას შეძლებს ეროვნული ბანკი, ცხადია შესაძლებელია მყისიერი ეფექტი მოახდინოს ბაზარზე ანუ უთხრას საზოგადოებას, რომ ლარი მეტად ვეღარ გაუფასურდება და მას უჭირავს ყველანაირი სადავეები ხელში. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკს შესაბამისი რესურსები არ გააჩნია და შესაბამისად, მათი მხრიდან განხორციელებული წერტილოვანი ინტერვენციებს 20-მილიონიანი, 40- მილიონიანი და ასე შემდეგ, აზრი არ აქვს. ამ შემთხვევაში უკეთესია, რომ ეროვნული ბანკი საერთოდ არ ჩაერიოს. ვიმეორებ, წერტილოვან ინტერვენციებს აზრი არ აქვს, ეს უბრალოდ თანხების გაფლანგვაა.
კითხვაზე, ამ პანიკის ფონზე უნდა დაიხუროს თუ არა დროებით ყველა სავალუტო ჯიხური ბაზარზე, აკაკი ცომაია ფიქრობს, რომ ეს უარეს შედეგებს მოუტანს ქვეყანას, რადგან სტიმულს მისცემს შავი ბაზრის განვითარებას.
„სავალუტო ჯიხურების დახურვა ამ ეტაპზე დაუშვებელია, რადგან ეს კიდევ უფრო დიდ პანიკას წარმოქმნის ბაზარზე და ამასთანავე ფულის გადახურდავება უკვე შავ ბაზარზე დაიწყება. შესაბამისად, შემდეგ უკვე მოგვიწევს ამ ადამიანების სათითაოდ დევნა და მათი გამოაშკარავება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ეს ქმედება გაცილებით ცუდ შედეგს გამოიღებს“, - აცხადებს ცომაია.
აკაკი ცომაიას თქმით, ლარის მკვეთ გაუფასურებას ინფლაციაზე ნაკლები გავლენა ექნება, რადგან ამ მომენტში არა მხოლოდ ლარი, არამედ სხვა ქვეყნის ვალუტებიც უფასურდებიან.
„რადგან სხვა ვალუტებიც ამავე ტემპით უფასურდებიან, სწორედ ამიტომ იმპორტი არ ძვირდება ჩვენთვის. მაგალითად, როცა რუბლი უფასურდება, რუბლში საქონლის შეყიდვა უფრო იაფი ჯდება და ამიტომ ქართველ იმპორტიორს რუსულ ბაზარზე საქონელი არ უძვირდება, იგივე შემთხვევაა თურქული ლირას შემთხვევაში. და რაც არ უნდა იყოს იმპორტიორი ვერ გაზრდის ფასს, რადგან ამ ვითარებიდან გამომდინარე მოთხოვნა საქონელზე თანდათან იკლებს. 2019 წელს მხოლოდ ლარი გაუფასურდა და მაშინ ჰქონდა ინფლაციაზე გავლენა, თუმცა ახლა ეს ნაკლებად მოსალოდნელია.“- აცხადებს აკაკი ცომაია.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. სებ-ის ოფიციალური კურსით ბოლო ერთ კვირაში ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 22 პუნქტით დაეცა.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე