"მთელ მსოფლიოში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია და ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე"

ლარის კურსი ეს არის საჭირბოროტო საკითხი. რა თქმა უნდა, მე მესმის ადამიანების და კომპანიების წუხილი ამასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის გაუფასურების კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ინფლაციის ზრდას არ მოელის და განმარტავს, რომ ეკონომიკური განვითარება შენელდა და აქედან გამომდინარე ინფლაციის ზრდის მაკროეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, „ნეგატიური მოლოდინები განეიტრალდება და ამ პრობლემასაც ყველანი ერთად გადავლახავთ, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა“.

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არის ისეთი ობიექტური გარემოებები, რომლებიც არაა ჩვენი კონტროლის ქვეშ. მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს რეგიონში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია და რა თქმა უნდა, ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე, ჩვენ ვართ გლობალური მსოფლიოს ნაწილი, მაგრამ რაც ექვემდებარება ჩვენი ხელისუფლების კონტროლს და ჩვენ ამას ვაკეთებთ კიდევაც, ესაა ლარის დევალვაციის გავლენის შემსუბუქება სხვადასხვა კატეგორიისთვის. პირველი რაც გავაკეთეთ, ავარჩიეთ 9 სამომხმარებლო პროდუქტი, რომლებზეც ლარის გაუფასურების მიუხედავად ფასები არ შეიცვლება. ასევე, ეროვნული ბანკიცაა ჩართული, რომ შეამციროს დევალვაციის ტემპი, რადგან ამის მთლიანად არიდება ამ დღეებში შეუძლებელია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ დროისთვის რაცაა ლარის კურსი დაფიქსირებული, ესაა უფრო მეტად მოლოდინების ეფექტი და როგორც ადრეც ხდებოდა-გარკვეულ პიკზე ავიდა და შემდეგ დასტაბილურდა, იგივეს ველოდებით.

ჩვენ ძალიან ზომიერ სტრატეგიას ვახორციელებთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა ეკონომიკამ თუნდაც ნელ ტემპში, მაგრამ განაგრძოს განვითარება და მზად იყოს, რომ როდესაც ეს გამოწვევა დასრულდება, ჩვეული მაღალი ტემპით ამოქმედდეს“,-აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

ცნობისთვის, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4494 ლარი გახდა.