Microsoft-ის დამფუძნებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ბილ გეითსმა პროგრამა TED Connects-ის მეშვეობით კორონავირუსთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოხატა.
გეითსის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ პანდემიასთან დაკავშირებით სერიოზული შეცდომა დაუშვა და ქვეყანას გადამჭრელი ზომები ჯერ კიდევ იანვარში უნდა მიეღო. მისი აზრით, ვირუსი იმდენად გავრცელდა აშშ-ში, რომ მხოლოდ სახლში დარჩენის განკარგულება საკმარისი არ იქნება.
გეითსის აზრით, თვითიზოლაცია აშშ-ის ეკონომიკაზე დამანგრევლად იმოქმედებს, თუმცა ახლა სხვა გზა არაა დარჩენილი. ის ვარაუდობს, რომ აშშ-ში კორონავირუსის დასამარცხებლად დაახლოებით, 6-დან 10 კვირამდე იქნება საჭირო.
აღსანიშნავია, რომ საუბრისას ბილ გეითსმა თავისი 2015 წლის TED Talk-ის სიტყვით გამოსვლა გაიხსენა, სადაც ის აცხადებდა, რომ თანამედროვე მსოფლიო პანდემიასთან საბრძოლველად მოუმზადებელია და ამ კუთხით ძალიან ცოტა ინვესტიცია ხორციელდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრს კორონავირუსი კატასტროფა ჰგონია, მე მირჩევნია ის დავინახო, როგორც „დიდი კორექტორი*. ვირუსი გამოგზავნილია, რათა ის მნიშვნელოვანი გაკვეთილები გაგვახსენოს, რომელიც დავივიწყეთ და ჩვენზეა დამოკიდებული, შევისწავლით თუ არა მათ“,- განაცხადა მან.
გეითსის აზრით, პანდემიამ დაგვანახა, რომ ყველა გადაჯაჭვული ვართ ერთმანეთზე და რაც ერთ ადამიანზე მოქმედებს, სხვებზეც აისახება. ამასთანავე, კორონავირუსმა დაგვანახა, რომ ერთადერთი, რაც გვჭირდება საკვები, წყალი და მედიკამენტებია, და არა ფუფუნების საგნები, რომელთაც ძალიან ხშირად უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ.
„ვირუსმა გაგვახსენა დავიწყებული ოჯახი და ცხოვრება შინ − ის, რაც გვაკლდა. პანდემია გვაიძულებს დავბრუნდეთ სახლებში, თავიდან ავაშენოთ და გავაძლიეროთ ოჯახური კავშირები.“-აცხადებს ის.
შეგახსენებთ, კორონავირუსის დასამარცხებლად ბილ გეითსმა 85 მილიონი დოლარი გამოყო.