მარტში ლარი დოლართან მიმართებით - 66, ხოლო ევროსთან - 64 თეთრით გაუფასურდა - რამდენ ადამიანს გაუძვირდა სესხი

ლარი მხოლოდ ერთ დღეში, გუშინ, დოლართან მიმართებით 21 თეთრით, ხოლო ევროსთან - 28 თეთრით გაუფასურდა. ჯამში, 2 მარტიდან დღემდე ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით, 66 თეთრით, ხოლო ევროსთან - 64 თეთრით არის გაუფასურებული.

შესაბამისად, იმ მოქალაქეებს, რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული, კრედიტი გაუძვირდათ. დოლარში აღებულ ვალდებულებებზე სესხი მინიმუმ 66 ლარით (მინიმუმ 100 დოლარის შენატანზე) გაუძვირდა, ევროს შემთხვევაში 68 ლარით.

ეროვნული ბანკის 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, აშშ დოლარით გაცემული სესხების ხელშეკრულებათა ოდენობა - 42 687; ხოლო ევროთი - 12 649 იყო. რაც შეეხება სესხის მოცულობას, აშშ დოლარით გაცემულია 185,203 მლნ-ი; ხოლო ევროთი - 190,015 მლნ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4494 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7436 ლარია.

თაია არდოტელი