საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სურსათით მომარაგების პრობლემა არ არის. როგორც ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თავდაპირველად ამ მხრივ სოფლის მაღაზიებს გარკვეული პრობლემა ჰქონდათ, თუმცა შეფერხება აღმოფხვრილია.
„საზოგადოებაში ამ ვითარებასთან მიმართებითაც არის სრული გაგება. არ არსებობს პრობლემა სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ყველა ქსელური მაღაზია მუშაობს გამართულად. არ არის მიწოდების პრობლემა, თუმცა მცირე ზომის სოფლის მაღაზიებში შესაძლოა თავიდან ყოფილიყო გარკვეული შეფერხებები, მაგრამ ეს შეფერხებებიც აღმოფხვრილია“,- განაცხადა ჩიქოვანმა.