"პრემიერის მითითებით, ჩარტერული რეისის ნებისმიერი კლასის ბილეთი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი მკაცრად უნდა იყოს დაცული"

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მითითებით, ჩარტერული რეისით ნებისმიერი კლასის სამგზავრო ბილეთების ფასი, 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს და ეს მკაცრად გაკონტროლდება.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბილეთები ფრენამდე რამდენიმე დღით ადრე ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებგვერდზე.

„ვარშავას, ათენის და ლარნაკას მიმართულებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, რეისის შესრულებამდე რამდენიმე დღით ადრე ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებგვერდზე. აღიშნული რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაცია განთავსდება წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია „აირზენას“ ვებგვერდზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის მითითებით, აღნიშნული კატეგორიის სამგზავრო ბილეთის ფასი, ნებისმიერი კლასის, ხაზს ვუსვამ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ბიზნეს, თუ ეკონომკლასი, არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი მკაცრად უნდა იყოს დაცული და რა თქმა უნდა, გაკონტროლდება“, - განაცხადა ზალკანიანმა.

მისივე განმარტებით, საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.