პოლონეთის დელეგაცია საგამოძიებო სამსახურს კორუფციასთან ბრძოლის გამოცდილებას გაუზიარებს

პოლონეთის დელეგაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სახელმწიფო სექტორში კორუფციასთან ბრძოლის გამოცდილებას გაუზიარებს.

პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში ფინანსთა სამინისტროს სამსახურის მოწვევით იმყოფება. დელეგაციის ხელმძღვანელ პირებს დღეს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლერი ბარბანიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი შეხვდნენ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა გაიზიაროს ევროპული გამოცდილება ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლასთან დაკავშირებით.

"ჩამოსულია პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს ძალიან მაღალი დონის დელეგაცია, რომელიც ადგილზე ეცნობა ჩვენი საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას. მოხდება აზრთა გაცვლა, გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პოლონეთისგან, კერძოდ კი, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღებთ ტექნიკურ დახმარებას, რომელიც ჩვენი საგამოძიებო სამსახურის მუშაობის სრულყოფას მოხმარდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის, ტომას შპოვალკას განცხადებით, საქართველო და პოლონეთი 2013 წლიდან ახორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომელიც მხარდაჭერილია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

დღევანდელ შეხვედრაზე ფორუმის მონაწილეები ასევე განიხილავენ ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდოლოგიას, კორუფციის გამოვლენის საკითხში სამართალდამცველ უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, ასევე იმსჯელებენ მონაცემთა ბაზის, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების და საგამოძიებო და ოპერატიული საქმიანობის ევროპული სტანდარტების დაცვის შესახებ.