ვიდეო-პლატფორმის Zoom Video Communications-ის აქციების ფასი ბოლო პერიოდში 135%-ით გაიზარდა. კომპანიის კაპიტალიზაციამ კი 39,7 მლრდ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 31 იანვრიდან, Zoom-ის აქციების ღირებულება გაორმაგდა, ეს იმ დროს, როდესაც S&P 500-მა იგივე პერიოდის განმავლობაში დაკარგა დაახლოებით 30%, ხოლო NASDAQ-მა დაახლოებით 26%.
როგორც Bloomberg-ი წერს, Zoom-ის აქციებზე ფასის ზრდა გამოიწვია კორონავირუსის პანდემიამ, რის გამოც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კარანტინში აღმოჩნდა და ბევრმა დამსაქმებელმა თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდა. როგორც Zoom-ის დირექტორი კერი სტეკელბერგი აცხადებს, კომპანიას მოუწია მომსახურების გამტარუნარიანობის მომატება, რათა გაუმკლავდეს ტრაფიკის ზრდას.
ამასთან, Sensor Tower-ის ანალიტიკური პლატფორმის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, Zoom-ის ჩამოტვირთვის რაოდენობა 109%–ით გაიზარდა.
როგორც Bloomberg-ი წერს, განახლებული პროგნოზების თანახმად, კომპანიის მოგება პირველი კვარტლისთვის გაიზარდება 68%-ით, შემოსავლებში - 7.6% -ით.
Zoom არის ვიდეო კონფერენციის პლატფორმა, რომელსაც ძირითადად დიდი ორგანიზაციები და საგანმანათლებლო დაწესებულებები იყენებენ. ცნობისათვის, Zoom-მა თავისი IPO (აქციების პირველადი განთავსება) Nasdaq-ის ბირჟაზე 2019 წლის აპრილში ჩაატარა. შედეგად მოიზიდა 350 მლნ დოლარი და კომპანიის საბაზრო ღირებულებამაც იმ დროს 10 მლრდ დოლარს გადააჭარბა.