სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ე.წ გვირაბში 64 კილოგრამი გაურკვეველი წარმომავლობის ცხენის ხორცი გამოავლინა, რომელიც სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, შემოწმების შედეგად, საწარმოო პროცესი შეუჩერდა სავაჭრო ობიექტს, რომელშიც რეცხვა-დეზინფიცირება არასათანადოდ ხორციელდებოდა და არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები.

„დღეს, როცა სურსათზე მოთხოვნა განსაკუთრებით არის გაზრდილი, სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები: შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და ვადები,“ -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

მათივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო სრული დატვირთვით განაგრძობს საქმიანობას, ყოველდღიურად ამოწმებს აგრარულ ბაზრებს, სასურსათო და სავაჭრო ობიექტებს.