გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მარნეულიდან და ბოლნისიდან პროდუქტები გამოტანა ხდება, თუმცა ის აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა.
„რა თქმა უნდა, პროდუქტი უნდა მოდიოდეს, ხდება კიდეც ამ პროდუქტის გამოტანა. ის აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა. ეს პროდუქტი ბაზარს უნდა მიეწოდებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ის ადამიანები, ვინც საკარანტინო ზონაში იმყოფებიან, ისინი არ გადაადგილდებიან კარანტინის გარეთ. შესაბამისად, ჩვენ გვექნება ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეზე საუბარი იმისთვის, რომ ერთის მხრივ ადვილად მოხდეს პროდუქტის შიგნით შეტანა და მეორეს მხრივ, ადგილზე წარმოებული პროდუქტის გარეთ გამოტანა“,-განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, სურსათის ეროვნულის სააგენტოსთან ერთად უკვე შეთანხმებულია ის მარშრუტი, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
„ძირითადად, ეს ეხება მარნეულის იმ ადგილებს, სადაც ინფიცირებული ადამიანები სახლობდნენ ან მოღვაწეობდნენ. ასევე იმ სოფლებს, სადაც მათ კონტაქტი უწევდათ. ამიტომ, სადეზინფექციოდ პირველი პრიორიტეტი არის ზუსტად ის მიმართულებები, რომელიც უფრო მეტად სარისკოა, თუმცა ჩვენ საკმაოდ მძლავრი სპეციალური ტექნიკა გვყავს შეყვანილი რეგიონში იმისთვის, რომ მასიურად მოხდეს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, რომ რისკები დავწიოთ“,-განაცხადა დავითაშვილმა.