გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც ახალი კორონავირუსის გამო საკარანტინო ზონაა გამოცხადებული, პროდუქტის მომარაგების მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს.
როგორც ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩატარდა შეხვედრა, სადაც სურსათის მომარაგების კუთხით ისაუბრეს.
„ჩვენი შეხვედრის მიზანი ის არის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გავიაროთ დეტალები, რომ მოსახლეობას სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ ჰქონდეს, ასევე არ შეიქმნას მომარაგების პრობლემა არც ერთ სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტზე, ეს ეხება არამხოლოდ სურსათის და ფარმაცევტულ პროდუქციას, არამედ იმას, რაც ადამიანის ცხორვებისთვისაა საჭირო. ასევე ძალიან მნიშვენლოვანია, რომ ჩვენ პროცედურები მკაფიოდ შეჯერებული და გავლილი გვქონდეს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომლის მიხედვით სატვირთო ნაკადებს არ შეექმნებათ პრობლემა და ეკონომიკა იმუშავებს, მათ შორის, საკარანტინო ზონაში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, აჭარიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები აცხადებენ, რომ მათ საკვები პროდუქტების დეფიციტი აქვთ, ასევე არ აქვთ მედიკამენტები, ლევან დავითაშვილმა უპასუხა, რომ „ეს ასე არ არის“. მინისტრის განმარტებით, დადასტურებულად შეუძლია თქვას, რომ სურსათის მომარაგების კუთხით არსად დეფიციტი არ არის.
„ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ყველა სოფელს შეუფერხებლად მიეწოდოს ყველა პირველადი პროდუქტი. ამაზე მუშაობს დღედაღამე, მათ შორის, მხარის გუბერნატორი. ის ახლაც მარნეულში იმყოფება. ჩვენ მცირე თათბრი გვექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით. სამინისტროში შტაბი გვაქვს შექმნილი, რათა კოორდინაცია გავუწიოთ ნაკადებს იმისათვის, რომ სადაც არის შეფერხება, ან მოთხოვნა, იქ ყველაფერი ოპერატიულ რეჟიმში მოგვარდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.