სოზარ სუბარის განცხადებით, თბილისიდან მარნეულში სურსათის შეტანისა და იქიდან პროდუქციის გამოტანისას, მოქალაქეებს ერთმანეთთან შეხება არ ექნებათ

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის განცხადებით, თბილისიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში სურსათის შეტანისა და იქიდან პროდუქციის გამოტანისას, მოქალაქეებს ერთმანეთთან შეხება არ ექნებათ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სად, როგორ მოხდება პროდუქციის გაცვლა ამაზე გადაწყვეტილება მისაღებია.

„თავიდანვე ვთქვით, რომ სურსათი მომარაგების კუთხით პრობლემები არ არსებობს, თუმცა გარკვეული სოფლებიდან მაინც წამოვიდა სიგნალები. გუშინ შევთანხმდით მინისტრთან ერთად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ჩამოვსულიყავით და შევკრებილიყავით. შესვლაზე უარი ვთქვით იმის გამო, რომ ყველამ უნდა დავიცვათ კარანტინისა და იზოლაციის წესები. ამიტომ აქ ვიკრიბებით და აქ გადავწყვეტთ.

როცა მოდის მანქანა თბილისიდან, რომელმაც სურსათი უნდა შეიტანოს მარნეულში და ასევე, ის სურსათი სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც მარნეულიდან მოდის პირიქით, შემსვლელ მანქანაზე დაიტვირთება, გადმოვა და გავა მუნიციპალიტეტიდან ისე, რომ ადამიანებს შეხება არ ჰქონდეთ ერთმანეთთან. დეტალებზე, სად როგორ მოხდება ეს, ამაზე შევთანხმდებით," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, რამდენად უსაფრთხოა მარნეულის პროდუქცია, სოზარ სუბარის განმარტებით, სპეციალისტების აზრით, სოფლის მეურნეობის პროდუქცია უსაფრთხოა.

„ცხადია სიფრთხილე ყოველთვის კარგია და ზედმეტი არასდროს არაა. მე ბევრჯერ ველაპარაკე ინფექციონისტებს და ამ დარგის სპეციალისტებს, სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან კარტოფილი იქნება, ხახვი თუ მწვანილი, არანაირი საფრთხე არ არსებობს. მინდვრიდან რომ მოდის პროდუქცია, იმას ისედაც ვრეცხავთ და ვამუშავებთ. განსაკუთრებული არაფერი სჭირდება. ეს არის ის პერიოდი, როცა ყველანი სიფრთხილით ვეკიდებით ყველაფერს და ლამის პურს ვრეცხავთ და მწვანილი გავრეცხოთ ახლა მგონი ნორმალურია,"- განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, ისინი სთხოვენ ადამიანებს, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო მიწა სახლიდან მოშორებით და გადაადგილდებიან მანქანით, ორზე მეტი ადამიანი არ იყოს მანქანაში.

„თუ საუბარია ტაქსიზე, აქვთ უფლება ორი ადამიანი იყოს და პლიუს მძღოლი ოღონდ ეს ადამიანები უნდა ისხდნენ უკან," - განაცხადა სუბარმა.