თითქმის 20-თვიანი პაუზის შემდეგ ჩინეთმა ამერიკისგან თხევადი აირის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებამ დააკმაყოფილა 10-მდე ჩინური კომპანიის მოთხოვნა, რომ გაეუქმებინათ 25%-იანი გადასახადი ამერიკული გაზის იმპორტზე. ამ კომპანიებს შორისაა China Gas Holdings და Oriental Energy.
უფრო ადრე, ანალიტიკური სააგენტო Rystad Energy–მა განაცხადა, რომ სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, ის არ ელოდება თხევადი გაზის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას შეერთებული შტატებიდან. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს 2020-2021 წლებში შეერთებულ შტატებში ენერგეტიკული პროდუქტების შესყიდვების გაზრდას, 50 მილიარდ დოლარზე მეტით. სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა სი ნანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შეერთებული შტატებიდან მიწოდება არ არის კონკურენტუნარიანი ყატარის, მოზამბიკის და ავსტრალიის მაჩვენებელთან შედარებით.
აშშ-ჩინეთის სავაჭრო ხელშეკრულების პირველი ფაზის ხელმოწერის ცერემონია 15 იანვარს ვაშინგტონში მოხდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა ლიუ ჰემ ხელი მოაწერა დოკუმენტზე, რომელიც სავაჭრო საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს.