გადაუდებელი დახმარების მედიკამენტებს კიდევ 9 მედიკამენტი დაემატა

გადაუდებელი დახმარების მედიკამენტებს კიდევ ცხრა მედიკამენტი დაემატა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ძალაში დღეიდან შევიდა.

გადაუდებელი დახმარების სამკურნალო საშუალებებს დაემატა: ამიოდარონი (ტაბლეტი)-ანტიარითმიული საშუალება, გლიბენკლამიდი (ტაბლეტი) - პერორალური ანტიდიაბეტური საშუალება, მეტფორმინი (ტაბლეტი) - პერორალური ანტიდიაბეტური საშუალება, კაპტოპრილის ტაბლეტები ნებისმიერი დოზით - წნევის დამწევი საშუალება, ნიფედიპინის ტაბლეტები ნებისმიერი დოზით - წნევის დამწევი საშუალება, მეტოპროლოლის ტაბლეტები ნებისმიერი დოზით - წნევის დამწევი საშუალება, დექსამეტაზონის ტაბლეტები - ანაფილაქსიის საწინააღმდეგო საშუალება, პრედნიზოლინის ტაბლეტები-ანაფილაქსიური შოკის, ალერგიული რეაქციების სამკურნალო და ბრონქული ასთმის შეტევის კუპირების საშუალება და ფუროსემიდის ტაბლეტები - ძლიერი და სწრაფი მოქმედების შარდმდენი საშუალება.

ფარმაცევტული დაწესებულება უფლებამოსილია გადაუდებელი მდგომარეობის დროს, ურეცეპტოდ გასცეს წამლის ფორმა, ერთჯერადი დოზის ოდენობით. იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ორიგინალური შეფუთვის დაშლა, ფარმაცევტული პროდუქტი გაიცემა 1 სტანდარტული შეფუთვის რაოდენობით.

ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება, სადაც რეცეპტის ინსტიტუტთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს განიხილავენ.