ჩვენ ასეთი სუსტი საბანკო ხელისუფლება და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ გვყოლია, რა თქმა უნდა, ამ 100 მილიონის უაზროდ დახარჯვით შედეგი არ იქნებოდა , - ამის შესახებ ექსპერტმა ლადო პაპავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე საუბრისას განაცხადა.
„სულ მალე დადგება იმის დრო, რომ მთავრობამ გაიაზროს, რა არის გასაკეთებელი ეკონომიკის რეფორმის თვალსაზრისით, მაგრამ, კიდევ ერთი დიდი ცეცხლია ჩასაქრობი ის, რაც ხდება სავალუტო ბაზარზე და რაც ემართება ჩვენს ვალუტას. ჩვენ ასეთი სუსტი საბანკო ხელისუფლება და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ გვყოლია, რა თქმა უნდა, ამ 100 მილიონის უაზროდ დახარჯვით შედეგი არ იქნებოდა. შეიძლებოდა, ეტაპობრივად, ყოველდღიურად დახარჯულიყო 5-10 მილიონი, რომ ბაზარზე ნახტომები არ ყოფილიყო. შეიძლება, ერთ დღეში ლარი 30 თეთრით უფასურდებოდეს? ეს დანაშაულია", - აღნიშნა ლადო პაპავამ.
ლადო პაპავას განმარტებით, ლარის გაუფასურება არის გამოძახილი იმისა, რაც ხდება საქართველოში და მსოფლიოში. თუმცა, ,,ცუდი ისაა, რომ ეს ყველაფერი ხდება არაპროგნოზულად და ნახტომისებურად, რაც პანიკას იწვევს."
„გააზრებულად რეზერვების ხარჯვა და სხვა მექანიზმების ამოქმედება გამოიწვევდა იმას, რომ ლარი გაუფასურდებოდა. პროგნოზირებად რეჟიმში დღეს ყველაზე ცუდი ის კი არ არის, რომ ლარი უფასურდება, ლარის გაუფასურება არის გამოძახილი იმისა, რაც ხდება საქართველოში და მსოფლიოში. ცუდი ისაა, რომ ეს ყველაფერი ხდება არაპროგნოზულად და ნახტომისებურად, რაც ქმნის პანიკას. არ შეიძლება ლარზე ლაპარაკობდეს მხოლოდ ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და ჩუმად იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა“, - განაცხადა ლადო პაპავამ.
ცნობისთვის, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4576 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4576 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4494 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0082 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7370 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7436 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.