რაჭაში ,,რთველი 2014" დაიწყო

რთველის დაწყებასთან დაკავშირებით, რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში, 2014 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შტაბი უზრუნველყოფს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას და პროცესების მართვას, რათა რაჭველმა მევენახეებმა მარტივად და უპრობლემოდ მოახდინონ ყურძნის რეალიზაცია.

"ამ ეტაპისთვის რაჭაში ყუძნის ჩამბარებელი 10 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული და მოთხოვნა ყურძენზე საკმაოდ მაღალია. ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის ანუ ,,ხვანჭკარის ღვინის მასალის" ღირებულებამ 2013 წელს 8 ლარი შეადგინა და სავარაუდოდ, ეს თანხა არც 2014 წელს მოიკლებს.

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად, ჩართულია რთველის მიმდინარეობის პროცესში, რათა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო მაქსიმალურად იქნას დაცული. რთველთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი - 2 47 01 01, რომელიც დაინტერესებულ პირებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. დამატებითი ინფორმაციის, კითხვებისა და კომენტარებისათვის მოსახლეობას შეუძლია მიმართოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე: tveli2014@georgianwine.gov.ge", - ნათქვამია ინფორმაციაში.