„ყველამ თანაბრად უნდა გადავინაწილოთ ეს მეტად საპასუხისმგებლო ტვირთი“  - HUB Georgia ავიაციის სექტორს მიმართავს

ავიაციის სექტორი შედგება სხვადასხვა მოთამაშეებისაგან, რომლებიც ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს და იღებენ მომსახურების საფასურს, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა და სექტორში მოღვაწე ბიზნესებს უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებაში პასუხისმგებლობის ერთიანად გადანაწილებისკენ მოუწოდებს.

„ვირუს COVID-19-ის პანდემიამ, ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეებთან ერთად, ელემენტარული გადაადგილების პრობლემაც შეუქმნა, რაც ასევე უკავშირდება მათ უსაფრთხოებას.

საზღვრების ჩაკეტვამ და ადამიანების მობილობის შეჩერებამ, სერიოზული ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას, განსაკუთრებით კი ეს ავიაციის სექტორზე აისახა. IATA-ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) გათვლებით, ავიაკომპანიებს 2020 წელს შემოსავალი 252 მლრდ დოლარით შეუმცირდებათ და ეს მხოლოდ წინასწარი ოპტიმისტური პროგნოზით გაკეთებული განცხადებაა, რეალურ სურათზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

გადაადგილების პრობლემა შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებსაც. სხვადასხვა ქვეყნებში დარჩენილი ათასობით ადამიანი დახმარებას და სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს. ამისთვის კი, საჭიროა სპეციალური ჩარტერული რეისების შესრულება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით უკვე არაერთი სპეციალური რეისი შესრულდა, კვლავ რჩება საერთო გამოწვევად ჩვენი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების საკითხი. დამატებითი რეისები, დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, დამატებით ხარჯებს კი ფინანსური რესურსი სჭერდება. სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია დიდი მითქმა-მოთქმა და ფაქტობრივად დაპირისპირება, მთავრობის მეთაურსა და ეროვნულ ავიაკომპანიას შორის, სადაც ჯოხი ავიაკომპანიის ხელმძღვანელობაზე გადატყდა.

აღსანიშნავია, რომ ავიაციის სექტორი არ შედგება მხოლოდ ავიაკომპანიებისგან. ავიაკომპანია არის მთავარი აქტორი, რომელიც პირდაპირ შემხებლობაშია მგზავრთან, მაგრამ ის არის ერთგვარი ფულის ამკრეფი და ეს ფული, შემდგომ ნაწილდება სხვადასხვა გაწეულ მომსახურებებზე.

ავიაციის სექტორი შედგება სხვადასხვა მოთამაშეებისაგან, რომლებიც ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს და იღებენ მომსახურების საფასურს, ამის გათვალისწინებით კი ავიაკომპანია ახდენს ავიაბილეთის ღირებულების განსაზღვრას. ეს სერვისებია: აეროპორტის მომსახურება, მოსაკრებელი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 24$-ს შეადგენს მგზავრზე, მგზავრის სატერმინალო მომსახურება, საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურება, აფრენა-დაფრენის ღირებულება და სხვა, რაც ჯამში თითოეულ შესრულებულ რეისზე, საშუალოდ 6-7 ათას დოლარამდე ხარჯს შეადგენს და საქართველოს საავაიაციო ბაზარზე ყველაზე მომგებიანი სერვისია. ამას ემატება, სანავიგაციო მომსახურება, თვითმფრინავის საავიაციო საწვავით გამართვა, რაც შესრულებული რეისის თვითღირებულების დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ასევე ემატება ავიაკომპანიის ხარჯები პირდაპირი საექსპლუატაციო ხარჯი, თვითმფრინავის იჯარის ღირებულება ერთ ფრენა საათზე და სხვა. დასკვნის სახით ვიტყვი, რომ მხოლოდ ამ ხარჯების გათვალისწინების შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ავიაკომპანიის მოგების წილზე, რომელიც აეროპორტთან შედარებით ძალიან მცირეა.

თუ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველამ თანაბრად უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, შევუმსუბუქოთ ტვირთი ხელისუფლებას და დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს უცხოეთიდან დაბრუნებაში, მაშინ მართლაც თანაბრად გადავინაწილოთ ეს მეტად საპასუხისმგებლო ტვირთი. გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა, რომლებიც ოპერირებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და უზრუნვეყონ სპეციალური რეისების საწვავით მომარაგება (საუბარია კომპანია “GULF AIR”- სა და “GP – SOCAR”-ზე), მოხსნას გადასახადები საქაერონავიგაციამ და თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც 2007 წლიდან მართავს კომპანია „TAV Georgia” და რომლის სუფთა მოგებამაც 2019 წელს, 156 მილიონი ლარი შეადგინა, აღსანიშნავია, რომ ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპანიაა“, - აცხადებს გიორგი კოდუა.