„დღეს წავიკითხე სოციალურ ქსელში ზოგი ქილიკობს ლარზე, ხალხო რა გიხარიათ?! ლარს თუ ცუდი რამე დაემართება ქვეყანა ჩამოგვენგრევა“. ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი სუსტი საბანკო ხელისუფლება და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ გვყოლია. როგორც პაპავა აცხადებს, საბანკო, სავალუტო სისტემას გადარჩენა უნდა და არ შეიძლება ეროვნული ბანკი თამაშგარე მდგომარეობაში იყოს.
„რომელ სამთავრობო პროგრამაზეა საუბარი, პირველ რიგში ცეცხლია ჩასაქრობი, რაც სავალუტო ბაზარზეა. არ შეიძლება ლარზე ლაპარაკობდეს მხოლოდ ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და ჩუმად იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა. პირველივე დღეებიდან უნდა ყოფილიყო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მედიასთან.
„ჩვენ ასეთი სუსტი საბანკო ხელისუფლება და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ გვყოლია, რა თქმა უნდა, ამ 100 მილიონის უაზროდ დახარჯვით შედეგი არ იქნებოდა. საჭირო იყო პირველივე დღეებიდან მიგვეღო ზომები, შეიძლებოდა, 5-10 მილიონი დახარჯულიყო, მაგრამ არა პაუზებით, არამედ ეტაპობრივად, რომ ბაზარზე ნახტომები არ ყოფილიყო. შეიძლება ბაზარზე ლარი ერთ დღეში 21 თეთრით უფასურდებოდეს? ეს დანაშაულია.
„კიდევ ერთი საკითხი - გააზრებულად რეზერვების ხარჯვა და სხვა მექანიზმების ამოქმედება გამოიწვევდა იმას, რომ ლარი გაუფასურდებოდა. პროგნოზირებად რეჟიმში დღეს ყველაზე ცუდი ის კი არ არის, რომ ლარი უფასურდება, ლარის გაუფასურება არის გამოძახილი იმისა, რაც ხდება საქართველოში და მსოფლიოში. ცუდი ისაა, რომ ეს ყველაფერი ხდება არაპროგნოზულად და ნახტომისებურად, რაც ქმნის პანიკას.
რაც შეეხება სპეკულაციებს, რაზეც ასევე მიდის საუბარი, ისეთ ვითარებაში ვართ გამორიცხული არაფერი არ არის. ყველა სახლში ვართ და გაკონტროლების მექანიზმი ძალიან დაბალია. აუცილებელია, პარლამენტმა საზედამხედველო ფუნქცია გამოიყენოს. არ შეიძლება ეროვნული ბანკი თავის ნებაზე იყოს მიშვებული. ასე გაგრძელება არ შეიძლება. შეხედეთ ფედერალური სარეზერვო სისტემა რას აკეთებს, პრაქტიკულად გვერდზე გადადო მთელი კანონმდებლობა და აქტიურად ერევა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებში. საბანკო, სავალუტო სისტემას გადარჩენა უნდა და არ შეიძლება ეროვნული ბანკი თამაშგარე მდგომარეობაში იყოს.
ეროვნულ ბანკს სჭირდება სპეციალური მითითება სპეციალური დავალება საგანგებო ვითარებაში, პირველ რიგში პრემიერ-მინისტრისგან. ამ საგანგებო ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი ზომები იქნება მისაღები უწინარეს ყოვლისა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მისამართით. ეს უნდა იყოს ისეთი გადაწყვეტილებები რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა გონს მოეგოს და იყოს აქტიური. არ შეიძლება მხოლოდ ერთჯერადად 40 მლნ-ის დახარჯვა. ეს უნდა იყოს თანაბრად განაწილებული. არ უნდა იყოს ნახტომები. ამის გამოცდილება საქართველოსაც და მსოფლიოსაც აქვს. დღეს სწორედ ის შავი დღეა, როდესაც რეზერვები უნდა იხარჯებოდეს, მაგრამ არა ისე უაზროდ როგორც დღეს იხარჯება. არამედ გონივრულად. დღეს წავიკითხე სოციალურ ქსელში ზოგი ქილიკობს ლარზე, ხალხო რა გიხარიათ? ლარს თუ ცუდი რამე დაემართება, ქვეყანა ჩამოგვენგრევა. არ შეიძლება თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნა. არ შეიძლება ლარზე მხოლოდ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები საუბრობდნენ. სად არის ეროვნული ბანკი?
„დარწმუნებული ვარ მთავრობა უმართავ პროცესებს არ დაუშვებს. შესაძლოა, ახლა თითის დაქნევაც იყოს საკმარისი და საკადრო პრობლემები მომავალში იყოს განხილული. მაგალითად პოსტკრიზისულ პერიოდში ჩემთვის პირადად, ის რაც ხდება სავალუტო ბაზარზე საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო,“-განაცხადა პაპავამ.
სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესების გამო, უკვე ისმის მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ უფრო მკაცრი მექანიზმები დაწესდეს - ვალუტის ყიდვა-გაყიოდვაზე, ან დაიხუროს სავალუტო ჯიხურები, თუმცა, პროფესორ ლადო პაპავას შეფასებით, ეს უარესი იქნება, რადგან მაშინვე გაჩნდება შავი ბაზარი.
„ეს ერთხელ უკვე გავლილი გვაქვს და ამის გაკეთება არ შეიძლება. ეროვნულ ბანკს სჭირდება გონივრული გეგმა. ნუ გვგონია რომ ეს თავისით დარეგულირდება თავისით არაფერი რეგულირდება, მით უმეტეს კრიზისულ სიტუაციაში.
„ლარის გაუფასურება დღეს შეუქცევადი პროცესია. იმიტომ რომ ეს გლობალური ტენდენციაა. მთავარია, დავიცვათ გაუფასურებაში სტაბილურობა, რომ ის ბიზნესისა და მოსახლეობისთვის პროგნოზირებადი იყოს. ამას არანაირი ანტიკრიზისული პროგრამა არ სჭირდება. ეს არის ცეცხლი, რომელიც სწრაფად უნდა ჩააქრონ.
დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ მთავრობა ფეხზე დგას, მთელი სამედიცინო სისტემა ტაშს იმსახურებს და ეროვნული ბანკი თითქოს არ არსებობს. დარწმუნებული ვარ საგანგებო სიტუაცია მისცემს ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ გახარიას მთავრობამ ადეკვატური ზომები მიიღოს,“-განაცხადა პაპავამ.