გიორგი კვირიკაშვილმა დიდველზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ბაკურიანს სტუმრობდა.

ვიცე-პრემიერთან ერთად ბაკურიანში იმყოფებოდნენ: "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორი, ალექსანდრე ონოფრიშვილი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ბორჯომისა და ბაკურიანის გამგებლები და სხვა ოფიციალური პირები. გიორგი კვირიკაშვილმა კურორტ დიდველზე მიმდინარე პროექტები, მათ შორის ხელოვნური გათოვლიანების მიმდინარე, მასშტაბური სამუშაოები დაათვალიერა.

ვიცე-პრემიერს კურორტ დიდველზე განხორციელებული პროექტებისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ გათოვლიანების სისტემების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა მიაწოდეს. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც დეტალურად ისაუბრეს გათოვლიანების სისტემის მოწყობის მნიშვნელობაზე კურორტის განვითარებისთვის.

"მთის კურორტების განვითარების" დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა პრეზენტაცია დიდველში განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით გამართა.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა დაბა გუდაურისა და დაბა ბაკურიანის წყალმომარაგების სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციასაც გეგმავს, რისთვისაც 1 მლნ ლარი დაიხარჯება. წყალმომარაგების სისტემების გამართვა გუდაურსა და ბაკურიანში ცალკეული სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების მიზნით იგეგმება. წყლის სათავე ნაგებობის, რეზერვუარისა და წყალმიმღები კაპტაჟების რეაბილიტაციას, აგრეთვე წყალმომარაგების 3 კილომეტრიანი ქსელისა და 50 ტონიანი ავზის (რეზერვუარის) მოწყობას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" უზრუნველყოფს. სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის 30 ნოემბერს დასრულდება.