Apple-მ კორონავირუსის გამო შესაძლოა, IPhon 5G-ის ჩაშვება გადადოს

კორონავირუსის ეპიდემიის გამო კომპანია Apple ახალი სმარტფონის, რომელსაც G5-ის მხარდაჭერა აქვს, ჩაშვების გადადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური გამოცემა Nikkei Asian Review წყაროზე დაყრდნობით წერს.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიწოდების ქსელში არსებულ პრობლემებს არ გავითვალისწინებთ, Apple შიშობს, რომ არსებული ვითარება მნიშვნელოვნად შეამცირებს მომხმარებლის ინტერესს ახალი სმარტფონის შეძენაში. კომპანიას კი სჭირდება, რომ iPhone 5G ნამდვილი ჰიტი გახდეს“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

თავდაპირველად საუბარი იყო, რომ IPhon 5G ბაზარზე 2020 წლის სექტემბერში გამოვიდოდა. მაგრამ ახლა ამ თარიღის გადადების რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით, ახალი სმარტფონი ბაზარზე მომავალ წლამდე არ გამოვა.

Nikkei Asian Review-ის მეორე წყაროს ინფორმაციით, გადაიდება თუ არა IPhon 5G-ის ბაზარზე გამოსვლა, მაისში გადაწყდება.

კალიფორნიაში კი, სადაც კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს, ამ დროისთვის სამუშაოები, მათ შორის, ახალი სმარტფონის პრეზენტაციის დაგეგმვის მიზნით, მნიშვნელოვნად შენელდა. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდებაა.