საბაჟო გამშვები პუნქტები მგზავრებისთვის შეზღუდული გრაფიკით მუშაობენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის (COVID–19) გავრცელების საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გამკაცრებულ სისტემას დაექვემდებაროს საქართველოს საზღვრის კვეთის წესები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ახალი დროებითი რეგულაციების თანახმად: საქართველოს საზღვრის კვეთა საქართველოს მოქალაქე მგზავრებისთვის/ფიზიკური პირებისთვის შესაძლებელია - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

„საზღვრის გადაკვეთა, შესაძლებელი იქნება მხოლოდ შემდეგი საბაჟო გამშვები პუნქტების საშუალებით: თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, ნებადართული მხოლოდ ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტიდან; ,,კარწახისა“ და ,,ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით, ნებადართულია მხოლოდ ,,წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტიდან; ,,ლაგოდეხის“, ,,სამთაწყაროსა“ და ,,მტკვარის“ საბაჟო გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია. რუსეთის ფედერაციის მიმართულებით, ნებადართულია ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტიდან. სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, ნებადართულია მხოლოდ ,,სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვები პუნქტიდან; ,,გუგუთის“, ,,ახკერპისა“ და ,,ნინოწმინდას“ საბაჟო გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ ხდება საქართველოს მოქალაქე მგზავრთა უმკაცრესი, ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს მგზავრთან გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვას, სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და შესაბამისი დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ, ექიმი ეპიდემიოლოგი იღებს გადაწყვეტილებას პირის იზოლაციის ან სამედცინო დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, ხოლო მგზავრის სააღრიცხვო ბარათს (დანართი N9) დადგენილი წესის თანახმად, აწვდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. ამასთან, საქართველოში დაბრუნებული ყველა საქართველოს მოქალაქის გადაყვანას საკარანტინო ზონაში, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

რაც შეეხება, ტვირთების გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას, აღნიშნული შეზღუდვა მათ არ შეეხებათ და საქართველოს საბაჟო საზღვარზე მათი გადაადგილება 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად ამ მიზნისთვის, შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის დაცვით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, მუდმივად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. ფინანსთა სამინისტოს შემოსავლების სამსახური“, - ნათქვამია ინფორმაციაში.