„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, საშემოსავლო და ქონების გადასახადი გაანულოს. ამის შესახებ დღეს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც პარტიამ ანტიკრისიული გეგმა წარადგინა.
მისივე თქმით, საჭიროა ასევე, არსებითი ცვლილებები შეეხოს დღგ-ის გადასახადს.
„თუ დამსაქმებლები, მეწარმეები გაკოტრდებიან და კრიზისის გადავლის შემდეგ მათთვის საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, ეს იქნება უმძიმესი დარტყმა. ამიტომ გარდა იმ შეთავაზებებისა და გეგმისა, რაც ჩვენ უკვე წარვადგინეთ, გვაქვს დამატებითი ინიციატივები.
შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს განულება საშემოსავლო გადასახადის, ხოლო კიდევ შემდეგი ოთხი თვე განახევრება. უნდა მოხდეს ქონების გადასახადის განულება, ის წელიწადში ერთხელ იხდება და ამ წლის ბოლომდე უნდა განულდეს და ბოლოს, არსებითად უნდა შეიცვალოს დღგ, უნდა გადავიდეთ ე.წ. sales tax-ზე . ხალხი, ვისაც შემოაქვს ქონება და ვერ ყიდის, არ უნდა იხდიდეს გადასახადს, ეს არის საკვანძო წინადადებები და ძალიან მნიშვნელოვანი. ვთხოვთ მთავრობას, რომ განიხილოს ეს კომპლექსური გეგმა,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.