"სახელმწიფომ 8 თვე უნდა აუნაზღაუროს ხელფასის ან სახელფასო დანაკლისის 50% მათ, ვინც  დღეს დარჩა სამსახურის გარეშე, გაუშვეს უხელფასო შვებულებაში ან შეუმცირდა ხელფასი"

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, სახელმწიფომ 8 თვის განმავლობაში უნდა აუნაზღაუროს ხელფასის ან სახელფასო დანაკლისის 50% თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დარჩა სამსახურის გარეშე, გაუშვეს უხელფასო შვებულებაში ან შეუმცირდა სხელფასი.

აღნიშნული ინიციატივები ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააჟღერა.

მისივე თქმით სახელმწიფომ სოციალურად დაუცველებს, თვითდასაქმებულებსა და პენსიონრებს ერთჯერადად 200-ლარიანი დახმარება უნდა გამოუყოს.

„სახელმწიფომ 8 თვის განმავლობაში უნდა აუნაზღაუროს ხელფასის ან სახელფასო დანაკლისის 50% თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დღეს დარჩა სამსახურის გარეშე, გაუშვეს უხელფასო შვებულებაში ან შეუმცირდა ხელფასი. ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი ასეთი ადამიანების დასახმარებლად. მეორე ინიციატივა ეხებათ მათ, ვინც შეიძლება არ მუშაობს და არ ჰქონდა დღემდე ხელფასი, მაგრამ ასეთი ადამიანები აუცილებლად საჭიროებენ დახმარებას. ესენი გახლავთ, სოციალურად დაუცველები, თვითდასაქმებულები, პენსიონრები. თვითოეული ასეთი ოჯახისთვის სახელმწიფომ უნდა გამოყოს ერთჯერადად 200- ლარიანი დახმარება, რომელიც მათთვის იქნება კონკრეტული შეღავათი და მესამე, კომუნალური ვაუჩერი - იდეა, რომელიც უკვე გავახმოვანეთ, რომ თითოეულ ოჯახს, რომლის შემოსავალიც არ აღემატება 40 ათას ლარს, სახელმწიფომ ერთჯერადად უნდა გადასცეს 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.