თებერვალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით შემცირდა

თებერვალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით შემცირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 294.40 მლნ ლარით (0.92%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.04%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 31.63 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 124.34 მლნ ლარით (0.87%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 418.74 მლნ ლარით (2.37%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.17%-ით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.53 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.18%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 10.49 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.90%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.66%-ით მეტი).

2020 წლის თებერვლის განმავლობაში 0.38%-ით, ანუ 60.73 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 15.82 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 45.47 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.81 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.07 პროცენტული პუნქტით),“ - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი