დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი მას შემდეგ დასახელდება, რაც ქვეყანაში მასობრივი შიდა გავრცელება დაიწყება.
როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მომდევნო კვირების განმავლობაში დაავადების გავრცელების ზრდას უნდა ველოდოთ.
„დღეს არის ერთი თვე, რაც ქვეყანაში პირველი შემთხევვა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას, ჩვენნაირი მოსახლეობით, შეიძლებოდა სამჯერ და ოთხჯერ მეტი შემთხვევები ყოფილიყო ქვეყანაში, რომ არა ის ღონისძიებები, რაც გატარდა. მესმის, რომ ყველას აინტერესებს რა მოხდება, მაგრამ როდესაც დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, მას შემდეგ ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე და დავასახელებთ ამ დროს. მანამდე უახლოესი კვირები უნდა ვემზადოთ დაავადების ზრდის, შემთხვევების მატებისთვის“, - განაცხადა იმნაძემ.