საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით დაგეგმილი საერთაშორისო რეისების ფარგლებში, დღეს, 26 მარტს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით ფრენა განახორციელა. ბორტზე 175 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 21 (ავსტრიიდან, გერმანიიდან, სლოვაკეთიდან) განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეები. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ რეისზე ძირითადად იმყოფებოდნენ ის მგზავრები, რომლებსაც 22 მარტის თბილისი-ვენა-თბილისის გეგმიურ რეისზე ბილეთები ნაყიდი ჰქონდათ, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების გამო გაუქმდა.
უწყების ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული რეისების ფარგლებში უახლოეს მომავალში, კერძოდ 31 მარტს, თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი შესრულდება, იმავე პრინციპით, ანუ გამოემგზავრებიან გაუქმებული გეგმიური რეისის მგზავრები.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, შემდგომ განრიგის თანახმად შესრულდება რეისები: თბილისი- ვარშავა - თბილისი (3 აპრილი), თბილისი-ათენი-თბილისი (7 აპრილი), თბილისი-ლარნაკა-თბილისი (10 აპრილი).
აღნიშნულ ფრენებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, რეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ვებ-გვერდზე.
უწყების ცნობით, რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.
ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ვებ-გვერდებზე.
ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული და პოლონური მხარის ერთობლივი ძალისხმევით, პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“, რომელიც შეასრულებს ვარშავა-თბილისი-ვარშავას რეისს საქართველოში მყოფი პოლონეთის მოქალაქეების გასამგზავრებლად, 28 მარტს განახორციელებს ფრენას საქართველოს მიმართულებით. რეისზე ბილეთები ხელმისაწვდომია კომპანია „ლოტის“ გაყიდვების საიტზე. აღნიშნული რეისიც შესრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.
ასევე მიმდინარე წლის 4 აპრილს კომპანია „ჯეორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს კომპანიის მიერ დანიშნულ გეგმიურ რეისის თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ რეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.
საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 -დღიან სავალდებულო კარანტინს.