ერთობლივი ფრონტი კორონავირუსის წინააღმდეგ - G20-მა საერთო გადაწყეტილება მიიღო

„დიდი ოცეულის“ ქვეყნები კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით იბრძოლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება G20-ის სამიტზე მიიღეს, რომელიც ონლაინ-კონფერენციის სახით გაიმართა. სამიტის ამ ფორმატით ჩატარების ინიციატორი „დიდი ოცეულის“ მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა საუდის არაბეთი გამოვიდა.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ G20-ის ქვეყნები მზად არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გააკეთონ ყველაფერი, რათა გადალახონ პანდემია.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ G20- ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკის მმართველები შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, რომ გაუმკლავდნენ კორონავირუსის შედეგებს. მინისტრებს მოუწოდეს გააძლიერონ ძალისხმევა "სწრაფად უზრუნველყონ საერთაშორისო ფინანსური დახმარება".

გარდა ამისა, G20- ის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გაზრდიან საწარმოო შესაძლებლობებს, რათა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს სამედიცინო პროდუქტები.

”ჩვენ გავაფართოვებთ წარმოების შესაძლებლობებს სამედიცინო პროდუქტების მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და ვუზრუნველვყოფთ, რომ ისინი ხელმისაწვდომი გახდეს რაც შეიძლება მალე”, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, G20- ის ლიდერების განცხადებით, ახლა, ამ პანდემიის დროს აუცილებელია ხელი შევუწყოთ თავისუფალ, პროგნოზირებად და სტაბილურ საერთაშორისო ვაჭრობას.