დედაქალაქში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ერთ თვეში 33%-ით შემცირდა - SS.ge-ს სტატისტიკა

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის.

საქართველოში დაკეტილია ყველა დაწესებულება, გარდა სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების. სახელმწიფოს ყველა რესურსი ამ დაავადებასთან ბრძოლისთვის არის მობილიზებული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე ლარი კატასტროფულად უფასურდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 69 პუნქტით დაეცა. ექსპერტები გაუფასურების მთავარ მიზეზად კორონავირუსს ასახელებენ.

საინტერესოა, როგორ მოქმედებს მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პროცესები უძრავი ქონების ბაზარზე.

SS.ge-ს კვლევის თანახმად, დედაქალაქში გასაყიდ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იკლებს. მონაცემების მიხედვით, 23 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით თბილისში უძრავი ქონების შეძენის მსურველთა რაოდენობა 33%-ით შემცირდა. მოთხოვნის პარალელურად, იმავე პერიოდში მიწოდება 55%-ით არის დაკლებული.

საანგარიშო პერიოდში, თუკი პირველ კვირას უძრავი ქონების გაყიდვის მიზნით საიტზე 2890 განცხადება იყო განთავსებული, მეოთხე კვირას განცხადებათა რაოდენობა 1119-მდე შემცირდა.

რაც შეეხება იმ ვიზიტორების რაოდენობას, რომლებიც ბინების ყიდვა-გაყიდვით არიან დაინტერესებულები, პირველ კვირას საიტზე 33,793, ხოლო ბოლო კვირას 20,043 დაფიქსირდა.

SS.ge-ს კვლევის თანახმად, დედაქალაქში გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნაც შემცირებულია. მონაცემების მიხედვით, 23 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით თბილისში გასაქირავებელი უძრავი ქონების მსურველთა რაოდენობა 21%-ით შემცირდა. მოთხოვნის პარალელურად, იმავე პერიოდში მიწოდებამაც 24%-ით დაიკლო.

საანგარიშო პერიოდში, თუკი პირველ კვირას უძრავი ქონების გაქირავების მიზნით, საიტზე 5299 განცხადება იყო განთავსებული, მეოთხე კვირას 3874-მდე შემცირდა.

რაც შეეხება იმ ვიზიტორების რაოდენობას, რომლებიც ბინების გაქირავებით არიან დაინტერესებულები პირველ კვირას საიტზე 20,843, ხოლო ბოლო კვირას 15,609 ვიზიტორი დაფიქსირდა.

რაც შეეხება თბილისში დღიურად გასაქირავებელ ბინებზე მოთხოვნას, აქაც მცირდება როგორც მიწოდება, ასევე მოთხოვნა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, 23 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით დედაქალაქში დღიურად გასაქირავებელი ბინების მიწოდება 26%-ით, ხოლო მოთხოვნა 21%-ით არის შემცირებული.

ლიკა ამირაშვილი