ყოველდღიურად მკაცრდება სახელმწიფო შეზღუდვები და უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ექიმების, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და მოლარე/კონსულტანტების სრულყოფილად და მაღალ დონეზე მუშაობას.
ამავდროულად მნიშვნელოვანია იმ წარმოებების მუშაობის ეფექტურობა, რომლებიც ქართულ ბაზარს სხვადასხვა პროდუქციით ამარაგებენ. ამ მიმართულებით დასაქმებული თითოეული ადამიანის საქმიანობა დღეს ფასდაუდებელია და მათ განსაკუთრებული როლი აქვთ საზოგადოების გამართულად ცხოვრებისათვის.
სს „ნიკორა“ დღეს ერთ-ერთი იმ ჰოლდინგთაგანია, რომლის შემადგენლობაში შედის როგორც სხვადასხვა მიმართულების პროდუქტების წარმოება, ისე მაღაზიათა ქსელი, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. სწორედ ამიტომ დავინტერესდით, თუ როგორ შეიცვალა სამუშაო პროცესი კომპანიაში: საწარმოსა და მაღაზიათა ქსელში.
თათია ბაკაშვილი, სს „ნიკორას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: არსებული ვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად შეცვლილია ჩვენი და არა მარტო ჩვენი ყოველდღიური რეჟიმი და პროცესები. უპირველეს ყოვლისა, რაც კომპანიაში განხორციელდა, ეს არის სს „ნიკორას“ ჰოლდგინგში შემავალი წარმოებების სამუშაო პროცესების კრიზისულ ვითარებაზე მორგება. მთავარ გამოწვევად დასახელდა, როგორც საზოგადოების პროდუქციით მომარაგება უწყვეტად, ასევე ჩვენი ყველაზე დიდი კაპიტალის, ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. შემუშავდა შესაბამისი გეგმა, რომლის თანახმადაც „ ნიკორა ჰოლდინგში“ არსებული ექვსივე საწარმო აგრძელებს მუშაობას თანამშრომლების უსაფრთხოეობის ზომების მაქსიმალური დაცვით და სპეციალური განსაზღვრული გრაფიკებით.
კონკრეტულად როგორ შეიცვალა სამუშაო პროცესი საწარმოებში?
შპს „ნიკორას“ ხორცპროდუქტების მაგალითზე რომ გითხრათ: საწარმოს თანამშრომლები გავყავით ორ გუნდად, ისინი მუშაობენ ცვლებში, ისე რომ ერთმანეთს არ დაემთხვნენ და რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს ჰქონდეთ ერთმანეთთან შეხება.
ცვლებს შორის საწარმოში ტარდება სრული დეზინფექცია. საწარმოს შესასვლელთან, ყოველ ჯერზე, დენზობარიერებთან, თანამშრომლები ასევე გადიან სადენზიფექციო პროცედურას და ეკიპირებულები არიან ყველა საჭირო დამცავი საშუალებით.
გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საწარმოს ტერიტორიაზე, შესვლამდეც, თანამშრომლები გადიან ტემპერატურულ კონტროლს. ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ადგილზევე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, თანამშრომელი გადამისამართდება ისე, რომ წარმოების ტერიტორაზე შესვლა არ უწევს.
ამ ეტაპზე, თანამშრომლების ნაწილობრივ ტრანსპორტირებას ვუზრუნველვყოფთ. საჭიროების შემთხვევაში, მოვლენების კვალდაკვალ, მოხდება საწარმოს თანამშრომელთა ტრანსპორტირების სრული უზრუნველყოფა.
აქვე მინდა ვისარგებლო და და უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს ერთგულებისა და ლოიალობისთვის. გამოვყოფ და ასევე დიდ მადლობას ვუხდი ჩვენი დისტრიბუციის თანამშრომლებს, რომლებიც ანალოგიურად დაუზარელად და ერთგულად ასრულებენ თავიანთ ფუნქცია-მოავალეობას და არც ერთი წუთით არ შეფერხებულან, პირიქით, მუდმივად მზად არინ ახალი გამოწვევისთვის. დღეს, ვმუშაობთ არა მარტო იმ მიზეზით, რომ ვიყოთ დასაქმებულნი და სარგო მივიღოთ, არამედ გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ჩვენი შესრულებული სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანია, ვართ უდიდესი დასაყრდენი ჩვენი კომპანიისა და ქვეყნისთვის.
ნინო ფეიქრიშვილი, „ნიკორა ტრეიდის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მარკეტებში დატვირთვამ ბოლო პერიოდში ძალიან იმატა. ამის მიუხედავად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომხმარებლებს კომფორტული და უსაფრთხო მომსახურება შევთავაზოთ მთელი საქართველოს მასშტაბით. აღფრთოვანებული ვართ ჩვენი თანამშრომლებით, ისინი ვირუსით გამოწვეული საფრთხის მიუხედავად მაქსიმალურად მობილიზებულნი არიან სამუშაო პროცესის დროს. ვამაყობთ, ჩვენი ფრონტის თითოეული თანამშრომლით, რომლებიც დღევანდელი დღის ნამდვილი გმირები არიან და თავისი პროფესიონალიზმით და შეუფერხებელი მუშაობით ქმნიან სტაბილურ გარემოს ქვეყანაში.
როგორ იცავთ თანამშრომლების უსაფრთხოებას და როგორია უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები?
თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, პირველივე რეკომენდაციების მიღებისთანავე თითოეული ფილიალი აღიჭურვა ხელთათმანებით, პირბადეებით. მოლარეებს დაურიგდათ სპეციალური ნიღბები, გარდა სტანდარტული პირბადეებისა. თითოეულ ფილიალში ინტენსიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე მუდმივ რეჟიმში ხდება იატაკის, კედლების, ურიკებისა და სხვა ნებისმიერი ინვენტარის ზედაპირის სპეციალური ხსნარით დამუშავება. ყველა სალაროსთან და დარბაზში განთავსებულია ხელის სადეზინფექციო ხსნარები, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ყველა ფილიალში დადგინდა მომხმარებლების გარკვეული რაოდენობის შემოშვების წესი და დღეს ფილიალში, მარკეტის მასშტაბის გათვალისწინებით 3 - 6 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. გარდა ამისა, ფილიალებში გაკეთდა სტიკერები, რომლის დახმარებითაც მომხმარებლებს უსაფრთხოების დისტანციის დაცვა უმარტივდებათ.
ხომ არ გაიზარდა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა?
ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტეთ, რომ დროებითი სამუშაო ადგილები შეგვეთავაზებინა მათთვის, ვინც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დროებით სამსახურის გარეშე დარჩნენ. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ მათ უსაფრთო სამუშაო გარემო შევთავაზოთ და დავასაქმოთ მთელი საქართველოს მასშტაბით.
დიდი მადლობა ჩვენს ათასობით თანამშრომელს იმ შრომისა ერთგულებისთვის, რასაც ისინი მოცემულ სიტუაციაში იჩენენ.