საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 45 მლნ ლარით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მარტისთვის 26.52 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 45 მლნ ლარით, ანუ 0.17%-ით მეტია პირველი თებერვლისთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.44%-ით მეტი).

ეროვნული ბანკის ცნობით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 329.78 მლნ ლარით, ანუ 2.87%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.34%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 284.79 მლნ ლარით, ანუ 1.90%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.22%-ით).

ამასთან, სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის 38.31 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.63 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.78 პროცენტული პუნქტით).

ამასთან, თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.98% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.79%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.61%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.18%, ხოლო ევროს წილმა 14.38% შეადგინა.

თაია არდოტელი