შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად შეუძლია, - ეს განცხადება მხარის რწმუნებულმა რეგიონის სოფლების შემოვლის შემდეგ გააკეთა. გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, მუშაობას აგრძელებს აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სავაჭრო ობიექტები.
„მოგეხსენებათ, ამ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები, იქნება ეს ახალი ნერგების დარგვა, მიწის სავარგულების დამუშავება, საგაზაფხულო ნათესები, ხეხილის ბაღების სხვლა თუ წამლობა. სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც აგროქიმიკატების რეალიზაციას ახდენენ, ფუნქციონირება არ შეუწყდათ და არსებული რეკომენდაციების დაცვით მუშაობენ, შესაბამისად, მეურნე-ფერმერებს საშუალება აქვთ, საქმიანობა აგრო-ვადების დარღვევის გარეშე აწარმოონ. ვფიქრობ, წელს განსაკუთრებით დადგება ჩვენი პროდუქციის საჭიროების საკითხი და ამ ფონზე, ჩვენი ფერმერების საქმიანობა ნამდვილად დასაფასებელია. რეგიონის სოფლებში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები,“ - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.