„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ და მისმა წევრმა კომპანიებმა C0VID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად 5 მილიონი ლარი გაიღეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ COVID19-თან საბრძოლველად საკუთარი სახსრებიდან 300 000 ლარი გამოყო. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა “StopCov” ფონდში გადასარიცხად საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალურ ანგარიშზე შემდეგი თანხები ჩარიცხეს:

1. სილქნეტი - 1,000,000 ლარი;

2. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი - 300,000 ლარი

3. ანაგი - 300,000 ლარი

4. VTB ბანკი - 200,000 ლარი

5. სოკარი - 200,000 ლარი

6. თეგეტა მოტორსი - 200,000 ლარი

7. ფილიპ მორის საქართველო - 100,000 ლარი

8. BasisBank - 100,000 ლარი

9. Euro Games Technologies საქართველო -50,000 ლარი

10. ლილო მოლი - 20,000 ლარი

11. ელიტ ელექტრონიკსი - 20,000 ლარი

12. ბორან მაინინგი - 10,000 ლარი

13. მაგისტილი - 10,000 ლარი

14. ლუტეცია - 10,000 ლარი

ასოციაციის ინფორმაციით, აღნიშნულის პარალელურად, “StopCov” ფონდში პირდაპირი ფინანსური კონტრიბუცია გააკეთეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა შემდეგმა კომპანიებმა:

1. პე ეს პე ჯგუფი -300,000 ლარი

2. ემ კვადრატი - 100,000 ლარი

3. DIRSI - 100,000 ლარი

გარდა ფინანსური შენატანებისა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა აქტიური კონტრიბუცია გასწიეს სპეციალური სამედიცინო საშუალებების შეძენის გზით, კერძოდ:

1. ორბი - 1,000,000 ლარი

2. სამედიცინო უნივერსიტეტი -1,000,000 ლარი

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად იყო და არის ჩართული ეპიდემიის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციასა თუ არსებული ვითარებით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემების მოგვარების საქმეში. ჩვენ ასევე ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენი წევრების წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიკაციასა და მათი გადაჭრის გზების მოძიების კუთხით. მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, რომელთა წინაშეც ადგილობრივი ბიზნესი უკვე დგას, ვფიქრობთ, რომ სოლიდარობას, ერთმანეთის დახმარებასა და გვერდში დგომას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს, რომელთაც ამ ძნელბედობის ჟამს საკუთარი ფინანსური წვლილი შეიტანეს პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კი საკუთარი სახსრებიდან პანდემიასთან ბრძოლისათვის 300,000 ლარი გამოყო.

ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეისათვის მდგარი რთული გამოწვევების დასაძლევად მსგავსი კონსოლიდაცია არის ბიზნეს სექტორის სოლიდარობის ნათელი მაგალითი. მისასალმებელია, რომ ჩვენი წევრი კომპანიების აქტიურობა COVID19-თან ბრძოლაში კვლავაც გრძელდება და ჩვენ საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას იმ დამატებითი კონტრიბუციების შესახებ, რასაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხვა წევრი კომპანიები პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაიღებენ”, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე.

ცნობისთვის, “StopCov” ფონდში აკუმულირებული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.