საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია, ფინანსთა სამინისტროს თხოვნით მიმართავს, რომ იმპორტიორი კომპანიების მხრიდან უფრო მეტი სასურსათო მარაგი შეიქმნას და სადისტრიბუციო კომპანიებს დღგ-ს გადახდის 5-დღიანი ვადის ნაცვლად 25- დღიანი ვადა მიეცეთ.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რამდენად მისაღებია სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების მექანიზმის არსებობა, ჭყონია განმარტავს, რომ სუბსიდირების პროგრამა ყველასთვის მისაღები ვერ იქნება, მაგრამ არის კომპანიები, ვისთვისაც ეს მისაღებია.
„ყველაფერი ყოველთვის მოსაწონი არ არის, მაგრამ სუბსიდირების მექანიზმი რომ არსებობს, ძალიან კარგია და ეს დაეხმარება კომპანიებს, რომ ფასები არ გაზარდონ. ასე გადაჭრით ვთქვათ, რომ ეს ბიზნესისთვის კეთდება, უფრო არასწორი ნათქვამი იქნება. ვინც ამ პროცესში ჩაერთვება გარკვეულწილად სოციალურ პასუხისმგებლობას იღებს მოსახლეობის წინაშე, რომ პროდუქტი არ გააძვიროს. რა თქმა უნდა, ყველასთვის ეს სუბსიდირების პროგრამა ვერ იქნება მისაღები, განსაკუთრებით პრემიუმ კლასის პროდუქტზე ვინც მუშაობს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არის კომპანიები, ვისთვისაც მისაღებია და ვინც სახელმწიფოსთან ძალიან წარმატებით თანამშრომლობს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა 2 დღის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ვინც ახორციელებს ამ პროექტს და დეტალურად აგვიხსნეს თუ ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამაში. მოვუწოდებ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის ინფორმირებული, რომ მივიდნენ, დეტალურად გაარკვიონ და თუ მათთვის მისაღები იქნება ეს პირობები ჩაერთონ სუბსიდირების პროგრამაში“,-განაცხადა ივა ჭყონიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
გარდა ამისა, ჭყონია ასევე შეეხო იმპორტის საკითხს და აღნიშნა, რომ ამ პროცესში გარკვეული სირთულეები არის, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურები სირთულეების მოგვარებაში საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები.
„ერთ-ერთი ყველაზე მთვარი სირთულე არის ის, რომ აქედან მანქანებს გადასვლა უჭირთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ სირთულეების მოგვარებაში სახელმწიფო სტრუქტურები საკმაოდ ოპერატიულად არიან ჩართულნი. იგივე შემოსავლების სამსახური. ძალიან გვეხმარებიან, პირდაპირ ვაწვდით ინფორმაციას ავტომობილების შესახებ, რომ გადმოვიდნენ და რაღაც შეფერხებები არ იყოს, უბრალოდ, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ დროულად უნდა გადავიდნენ მანქანები, რომლებიც რიგში დგანან ლარსის მიმართულებით, რომ დაიტვირთონ და შემოიტანონ პროდუქცია. გარკვეულწილად პრობლემები გადასვლასთან დაკავშირებით არის, თუმცა ეს პრობლემები რამაც შექმნა უბრალოდ უამინდობა იყო. სხვა დანარჩენი მინდა ვთქვა, რომ, ახლა, როგორც არასდროს, არის ერთიანობა და ერთობლივად ვმუშაობთ.
ჩემი თხოვნა ფინანსთა სამინისტროს მიმართ იქნებოდა, რომ უფრო მეტი სასურსათო მარაგი შეიქმნას იმპორტიორი კომპანიების მხრიდან და ამ მძიმე ვითარებაში, კრიზისის დროს სადისტრიბუციო კომპანიებს დაეხმაროს და დღგ-ს გადახდის -5-დღიანი ვადის ნაცვლად, 25 დღიანი ვადა მიეცეთ, რაც ასევე ჩვენი პირველი მოთხოვნა იყო პრემიერთან შეხვედრისას“,-აღნიშნა ჭყონიამ.