რამდენი მეწარმე სუბიექტია ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე

საქართველოს ეკონომიკის, შს მინისტრისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით უკვე დამტკიცდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი და ფუნქციონირების წესები.

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში 349 მეწარმე სუბიექტია. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მათი მხრიდან ფუნქციონირების პირობების დაცვას შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს.

ბრძანების თანახმად, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არ ეზღუდებათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება იმ მეწარმე სუბიექტებს, რომელთა საქმიანობა უპირატესად ღია სივრცეში მიმდინარეობს, ამასთან მეწარმეებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, ასევე, დასაქმებულების სატრანსპორტო გადაადგილება სამუშაო ადგილზე და უკან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით უნდა ხდებოდეს.

რაც შეეხება ბრძანებით დამტკიცებულ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალს, ის 349 მეწარმე სუბიექტისგან შედგება, რომლებიც მუშაობენ ფერადი ლითონების მადნების მოპოვების, დეკორატიული და სამშენებლო ქვის მოპოვების, ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავების, ხორცის პროდუქტების წარმოების, რძის გადამუშავება და ყველის წარმოების, საკონდიტრო ნაწარმის, შაქრის, ღვინის, ფქვილისა და პურის წარმოების, ქვის ჭრის, დამუშავების და მოპირკეთების, სხვადასხვა პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობის, არქიტექტურული საქმიანობის, სატრანსპორტო მომსახურების და სხვა მიმართულებით. ასევე, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური.

ბრძანება, რომელსაც ხელს სამი მინისტრი აწერს, 26 მარტს ამოქმედდა და ძალას კარგავს საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლისთანავე, ანუ 21 აპრილს.

ცნობისთვის, 23 მარტს მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.