"კომპანია „ბიო იზთან“ ხელშეკრულება დადებული გვქონდა, თუმცა ის ანულირებულია და ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია"

ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მათი მცდარი დიაგნოსტიკა მოხდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სწრაფ ტესტებზე საუბრისას განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ყველა ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადის დაკვირვებას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენება ფართო გამოკვლევისთვის.

მისივე თქმით, ის ტესტები, რომელიც მარნეულში გაიგზავნა, PCR ტექნოლოგიაზეა დამყარებული და ძალიან მაღალი სანდოობა აქვს.

„მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და კიდევ ერთხელ გავმეორდე: ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას. ეს დაკვირვება მდგომარეობს შემდეგში: ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით. ჩვენ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მათი მცდარი დიაგნოსტიკა მოხდეს,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოში შემოსული ტესტები ხომ არ არის იმავე კომპანიის მიერ დამზადებული, რომლის პროდუქციაც ესპანეთმა ჩინეთს უკან დაუბრუნა, ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა, რომ საქართველოს ერთ-ერთ კომპანიასთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, თუმცა დღეს ის გაუქმებულია და მიმდინარეობს ახალ კომპანიასთან მოლაპარაკება.

„კომპანია „ბიო იზი“, რომელიც საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონეა, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული. საქართველოს ამ კომპანიასთან ხელშეკრულება დადებული ჰქონდა, თუმცა დღეს ის ანულირებულია, თანხა არ გადარიცხულა და ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია. გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელთანაც იმავე სტრატეგიით ვმუშაობთ. გამოგზავნილი იქნება პირველი სატესტო 2 ათასი ტესტი და იმ შემთხვევაში, თუ ტესტების სანდოობა ჩვენი მხრიდანაც იქნება დამტკიცებული, მოვახდენთ დამატებითი რაოდენობის შეძენას. ტესტების შერჩევა მიმდინარეობს ინფექციონისტების და ლუგარის ლაბორატორიის რეკომენდაციით და ასევე, ჩვენი საელჩოების სრული ჩართულობით. აქედან გამომდინარე, მუდმივ რეჟიმში ვაკეთებთ გადაზღვევას, რომ არ მოხდეს არააკრედიტირებული და არააპრობირებული ტესტების ბაზარზე შემოტანა,“- განაცხადა ტიკარაძემ.