ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინურმა კომპანიამ, რომლისგანაც საქართველოს ტესტები უნდა შეესყიდა, ქართულ მხარეს, მისი ზოგიერთი ტესტის წუნთან დაკავშირებით თავად შეატყობინა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ანულირდა.
რაც შეეხება ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრის სახით მიღებულ 1000 PSR ტესტს, როგორც მან უწებათაშორისი საჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისი ხარისხი გარანტირებულია.
„ეს არის სხვა კომპანია, ეს არ არის ის კომპანია, რომელთანაც გვქონდა ტესტების შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. საჩუქარი მივიღეთ და მისი გამოყენება ხდება ძალიან აქტიურად, მაღალი სიზუსტით, რადგან ლუგარის ლაბორატორიას აქვს ის მექანიზმი, რომ დაადასტუროს თითოეული პასუხის სიზუსტე. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ტესტებს, იმ კომპანიამ, რომელთანაც ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება, მსგავსი ტიპის მოლაპარაკებას ევროპის სხვა ქვეყნებიც აწარმოებდნენ, ამ კომპანიამ თავად შეგვატყობინა და განგაში ატეხა, იმის შესახებ, რომ ზოგიერთი მისი ტესტი აღმოჩნდა წუნდებული, პარტიები მთლიაად გაჩერდა. ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ იქამდე, სანამ ეს ტესტები ქვეყანაში შემოვიდოდა. ამდენად, ეს ხელშეკრულება მთლიანად ანულირებულია და აღარ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ამ მიმართულებით. არის ალტერნატიული კომპანიები, რომელთაც ასევე აქვთ რეპუტაციისა და შესაძლებლობების სხვადასხვა სარწმუნო შეფასება. ეს კომპანიები გვთავაზობენ წინასწარ შემოტანას ტესტების, რადგან დავრწმუნდეთ მის ვალიდურობაში, იქნება თუ არა ჩვენი პოპულაციისთვის ტესტი ისეთივე მგრძნობიარე და სარწმუნო, როგორც ეს ჩინეთის პოპულაციისთვის იყო. მხოლოდ ამის შემდეგ გავაგრძელებთ ჩვენ მოლაპარაკებას შესყიდვაზე ალტერნატიულ კომპანიასთან. კომპანიებს შეგნებულად ვერ დავასახელებ, რადგან გარკვეულწილად არის კომერციული ინტერესები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.