ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი - მსესხებლების უმეტესობამ ბანკების მიერ შეთავაზებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლა

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ მსესხებლების უმეტესობამ ბანკების მიერ შეთავაზებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლა.

როგორც ძნელაძემ „ინტერპრესნიუსს“ სესხების დაფარვასთან დაკავშირებით ბანკების შეთავაზების მიმდინარეობის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, ფორმალური თვალსაზრისით პროცესი არაა დასრულებული და ჯერჯერობით ზუსტ მაჩვენებლებზე საუბარი ადრეა. მისივე თქმით, საუბარია მილიონზე მეტ კლიენტზე, ამიტომ საჭიროა ეს ყველაფერი აისახოს პროგრამაში.

„დიდი მომხმარებელთა ბაზა ვისაც აქვს, იმ ბანკებმა გადავადება ასე ვთქვათ, ავტომატურ რეჟიმში შესთავაზეს კლიენტებს, ანუ ვინც უარს არ იტყოდა, ყველას უკეთდება გადავადება. აქედან გამომდინარე, მსესხებლების უფრო მეტი წილია, ვინც გადაავადა.

15-ივე კომერციული ბანკია ჩართული გადავადების პროცესში, უბრალოდ ინდივიდუალური მიდგომა აქვთ გადავადებასთან დაკავშირებით. ვინც კლიენტების რაოდენობიდან გამომდინარე შეძლო, რომ ინდივიდუალურად გასაუბრებოდა და კონკრეტული გრაფიკი შეედგინა, ისინი ინდივიდუალურად მიუდგნენ. ეს დამოკიდებული იყო, როგორც მომხმარებლების სურვილზე, ასევე იმ ტექნიკურ საშუალებებზე, რაც ბანკებს ამ გადავადებებთან დაკავშირებით ჰქონდათ“, - აღნიშნა ძნელაძემ.

რაც შეეხება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ სესხების დაფარვის საკითხს, როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, მთავარი მიდგომაა ის, რომ მსესხებლებს შემდგომ პერიოდში შესატანი თანხა მანამდე არსებულთან შედარებით არ უნდა გაეზარდოთ, ამიტომ მოხდება სესხების 4-5 თვით დაგრძელვადიანება.

„ძირითადი შეთავაზებაა, რომ ყოველთვიური გადასახდელი არ განსხვავდებოდეს ან მცირედით განსხვავდებოდეს მანამდე არსებულისგან. ძირითადად ამ პრინციპით მოხდება გადანაწილება და მოხდება სესხის ვადის დაგრძელვადიანება ანუ, 3 თვის განმავლობაში არაფერს გადაიხდის მსესხებელი და იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვიური გადასახდელი არ უნდა გაიზარდოს, სესხი შეიძლება დაგრძელვადიანდეს არა სამი, არამედ 4 ან 5 თვით“, - აღნიშნა ძნლენაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, მთავრობასთან შეთანხმებით კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სესხის დაფარვაზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზეს.