”საფინანსო სექტორში ყველაზე აქტიური მოთამაშეები კომერციული ბანკები არიან”

საქართველოს საფინანსო სექტორში ყველაზე აქტიური მოთამაშეები კომერციული ბანკები არიან, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იგი კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით ბანკების მონაწილეობაში ტრაგედიას ვერ ხედავს. ეს განცხადება მინისტრმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმადაც, საფონდო ბირჟებზე სამეთვალყურეო საბჭო შეიცვალა და მათ 58 პროცენტს ბანკები შეადგენს.

"ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით შეხვედრა. ვგეგმავთ, პარალელურად შევიმუშაოთ კაპიტალის ბაზრის განვითარების გეგმის რუკა, სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ალტერნატიული ფულის მოძიების საშუალებები, გარდა საბანკო სექტორისა, განვითარდეს. ბანკები აქ შემაფერხებელ ფაქტორად ვერ იქცევიან", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.