ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში თერმოსკრინინგი საერთო ჯამში, დაახლოებით, 60 000 ადამიანს ჩაუტარდა.
მედიასთან საუბრისას ის ასევე შეეხო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების პროდუქტებით მომარაგების საკითხს და აღნიშნა, რომ პროდუქტების მომარაგების კუთხით, არც მუნიციპალიტეტებში და არც სოფლებში, პრობლემა არ არის.
„მინდა გითხრათ, რომ ყველა ძირითადი მსხვილი სურსათის მარკეტი არის მომარაგებული. ნებისმიერი ზომის მსხვილი სავაჭრო დაწესებულება ასევე არის სრულად მომარაგებული. ჩვენ სოფლის მეურნეობის მინისტრი გვყავდა რამდენიმე დღის წინ და სწორედ მისი ჩამოსვლის ძირითადი მიზანი იყო ის, რომ სოფლებში მომარაგებაში არ ყოფილიყო რაიმე ხარვეზი. დისტრიბუტორები, რომლებიც ადაპტირებულები არიან ამ მუნიციპალიტეტებში და მათგან მიდის მომარაგება, შევსებები მიღებული აქვთ. 40 ტონა ბურღულეულის ხელშეკრულება დღეს იდება. კიდევ ერთხელ ცალსახად გიდასტურებთ, რომ პროდუქტების მომარაგების კუთხით, არც მუნიციპალიტეტებში და არც სოფლებში პრობლემა არ არის“,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ამასთან, რეხვიშვილმა ყურადღება გაამახვილა საველე ჰოსპიტალის ფუნქციონირებაზე. მისი თქმით, საველე ჰოსპიტალში გუშინ რვა ადამიანი იყო მოთავსებული და ყველა შემთხვევაში კორონავირუსზე პასუხი უარყოფითი მოვიდა.
„ვერასდროს ვერ აღვნიშნე, მკვეთრი სამადლობელი სიტყვა ვერ ვთქვი იმ ხალხზე, ვინც ამ საველე პირობებშია. არამარტო ისინი, ადგილებზე არის ქოლცენტრები, სადაც დღეში რამდენიმეჯერ სრულად ვიღებთ ინფორმაციას და შეგვყავს კომპიუტერულად ბაზებში მონაცემები. მთლიანად, ამ რამდენიმე დღეში, ორივე მუნიციპალიტეტში 60 000-მდე ადამიანი მოვიცავით. სადაც განსაკუთრებული შემთხვევებია, ბუნებრივია, გაცნობებთ. ძირითადად ეს არის პრევენციისთვის, რომ რაიმე არ გამოგვრჩეს. საველე ჰოსპიტალში გუშინ იყო რვა ადამიანი, ყველას შემთხვევაში პასუხი უარყოფითი მოგვივიდა. საველე ჰოსპიტალის დღევანდელი დატვირთულობა ჩვეულებრივ რეჟიმშია. არავითარი რიგი და არავითარი ზედმეტი კონცენტრაცია იქ არ არის. პირებს, რომლებსაც სიმპტომატიკა აქვთ, იქ ინდივიდუალურად შეუძლიათ მისვლა . ჩვენგან ორგანიზებულად თუ რაიმე ტემპერატურული გამოვლინებებია, ბუნებრივია, უზრუნველყოფილია გადაადგილება. ჩვენს გარდა, ეპიდემიოლოგები დადიან, ისინი ადამიანებს ამოწმებენ თავის სპეციფიკიდან გამომდინარე და მათაც გადაჰყავთ ის ხალხი, ვისაც თვლიან საჭიროდ, რომ უნდა ნაცხის აღება და მასალების გადაგზავნა თბილისში. ვადასტურებ, რომ მასების და რიგების დაგროვება იქ არ არის, ეს არის ერთეულ შემთხვევებში“,-აცხადებს რეხვიაშვილი.