„პანიკა და სპეკულაცია! ეს არის რაც დღეს ლართან მიმართებაში ხდება. ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პანიკა, პირველ რიგში, ბანკებისთვისაა ხელსაყრელი, რადგან სწორედ მათ აქვთ წვდომა ფინანსებზე.
„სწორედ ბანკებს შეუძლიათ ამ ფინანსური რესურსების მართვის მეთოდით შექმნან თავიანთი ჭარბი მოგება და კიდევ უფრო გააღარიბონ ჩვენი მოსახლეობა.სპეკულაცია - როგორ შეიძლება ლარის კურსი ერთ დღეს 30 პუნქტით გაიზარდოს და მეორე დღეს 20 პუნქტით დაეცეს? აქ მსხვილი მოთამაშის ხელი იგრძნობა. ასეთი მსხვილი მოთამაშეები კი, ისევ მხოლოდ ბანკებია, ამიტომ არ გამოვრიცხავ სპეკულაციური მომენტს.ფაქტია, რომ ასეთი დევალვაციის დროს, ყველა, ვისაც ანაბარი ლარში ჰქონდა, ცდილობს გამოიტანოს და იყიდოს, ამიტომ ვამბობ მერამდენედ!ძალიან საინტერესოა, ვინ ყიდულობს და ვინ აჩენს ასეთ მოთხოვნას დოლარზე?!ეროვნული ბანკი ამას არ გვეუბნება, არადა, ნებისმიერი გადამცვლელი პუნქტი იქნება, თუ ბანკი, ყველგან არის დეკლარაციის შევსების ვალდებულება, მათი აღწერა და გამოააშკარავებაა საჭირო, რაც არ ხდება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის სოციალური დაცვის პაკეტების შემუშავებას იწყებს - რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პრაქტიკულად ვაღიარებთ, რომ ქვეყანაში გაღარიბება მოხდება,
„გვეყოლება ახალი ღარიბი ფენა... პრინციპში, ამისკენ მივდივართ კიდეც, რადგან ძირითადად მოწყობილები ვიყავით ტურიზმზე და უცხოურ გზავნილებზე და ბალანსი ამით დგებოდა. ანუ, დაახლოებით 5 მილიარდ დოლარამდე ვღებულობდით ამ მიმართულებებიდან, რაც ჩვენი ეკონომიკის დაახლოებით 30 %-ია.ეკონომიკის 70% მომსახურების სფეროზე მოდის - რესტორნები, სასტუმროები, კაფე-ბარები, ჰოსტელები... 3 თვის მერე ყველა ეს კომპანია კი, კიდევ უფრო გაზრდილი კრედიტებით გაიღვიძებს, იმიტომ, რომ სახელმწიფო მათ არანაირ ყურადღებას არ აქცევს და სესხის მხოლოდ გადავადებაში ეხმარება, რაც დღევანდელი მოდელით დამატებითი სესხების გაფორმებას ნიშნავს.დოლარში აღებული სესხი კი, მითუმეტეს 3 თვის მერე, პრაქტიკულად დაუძლეველი იქნება, რადგან ადამიანებს ლარის ხელფასები აღუდგებათ თუ არა, ისიც არავინ იცის“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.