ეროვნული ბანკი პოლიტიკას ცვლის - სავალუტო ბაზარზე ჩარევა ინტერვენციების გზით გახშირდება

„წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი ინტერვენციების თვალსაზრისით, აქტიური იქნება,“-ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

"მნიშვნელოვანი შოკი გვაქვს კორონავირუსის გამო, რამაც გამოიწვია როგორც ლარის, ასევე რეგიონის ვალუტების გაუფასურება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ვალუტის მერყეობა, რისი მომსწრეც წინა წლებშიც ვყოფილვართ და ამ დღეებშიც იგივე მოხდა. კერძოდ, როცა არის ასეთი სწრაფი, პანიკური შესყიდვა, ეს იწვევს კურსის ზედმეტად გაუფასურებას, რასაც შემდეგ გამყარება მოყვება.

რაც შეეხება, ეროვნული ბანკის ქმედებებს წინა პერიოდებთან შედარებით, როდესაც ჩვენ უფრო რეზერვების დაგროვებაზე ვიყავით ორიენტირებული, წელს კი უფრო მეტად რეზერვების გაყიდვა მოხდება. გადავწყვიტეთ, უფრო ხშირად ვიყოთ ბაზარზე, რათა მის ლიკვიდობას შევუწყოთ ხელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მერყეობა აღარ იქნება ბაზარზე, ეს არ ნიშნავს რომ კურსის გარკვეული ნიშის დაწერას ვცდილობთ, ბაზარი გააგრძელებს ისევ ქმედებას, თუმცა, ჩვენი მხრიდან იქნება მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ეს იყო წინა წლებში.

ახლა განსხვავებული პირობები და გარემო გვაქვს. იმის გამო რომ ამ ვირუსს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება - ტურიზმზე, გზავნილებზე, საგარეო სავალუტო შემოდინებების გარკვეული თანხა დავკარეთ, ამიტომ ჩვენი ინტერვენციებით, რეზერვებიდან და ასევე დონორებისგან მიღებული თანხებით ამ დანაკლისის ნაწილობრივ კომპენსაციას მოვახდენთ,“-განაცხადა მესტვირიშვილმა.

დღეის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვების მოცულობა 3.4 მლრდ დოლარია.

თაია არდოტელი