კომპანია „GT ჯგუფმა“ თბილისის გამგეობებს მოსახლეობისთვის გასანაწილებელი საკვები პროდუქტები გადასცა. აღნიშნულ ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდნენ. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ კომპანიასა და რიგით მოქალაქეებს, რომელთაც ხანდაზმული ადამიანებისა და გაჭირვებული ოჯახების დახმარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.
„ბელიაშვილის ქუჩაზე ვიმყოფებით, გარკვეულ პროდუქტებს ვაგროვებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მოხუცებს, ხანდაზმულ ადამიანებს, იმ ოჯახებს, ვისაც ყველზე მეტად უჭირს დღეს და ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. თქვენ იცით, რომ ამ პროექტში სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიები ჩაერთვნენ. „არქი ჯგუფმა“ დაიწყო, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო „არქის“ თითოეულ თანამშრომელს, მის დამფუძნებელს ილია წულაიას. შემდეგი იყო „ვისოლ ჯგუფი“ და მადლობა მათ, თითოეულ თანაშრომელს, დამფუძნებლებს, ლევან და სოსო ფხაკაძეებს, ყველა ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას, გვეხმარება. დღეს „GT ჯგუფმა“ მიიღო გადაწყვეტილება 1000 ოჯახზე წარმოედგინა საკვები პროდუქტები, რომლის დასაწყობება ხდება ბელიაშვილის ქუჩაზე. ჩვენ სპეციალურად დიდი სპორტული დარბაზი ავიღეთ, აქ დროებით ყველანაირი აქტივობა შეჩერებულია და აქ ხდება ამ საკვები პროდუქტების დასაწყობება“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე განმარტებით, დახმარების მსურველ მოქალაქეებს „აგროჰაბში“ სპეციალური თარო დახვდებათ, სადაც 19 დასახელების პროდუქტია განთავსებული, რომელთა ყიდვის შემდეგაც, მათ სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე დატოვებენ.
„გუშინ ჩვენ დავიწყეთ „აგროჰაბში“ ძალიან კარგი პროექტის განხორციელება, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ დახმარებებში, ძალიან ბევრი ზარი შემოდიოდა, სად შეიძლება პროდუქტები მოვიტანოთო. მოდიოდნენ ადამიანები, არც კი ვიცოდით ვინ იყვნენ, არც სახელს გვეუბნებოდნენ, არც გვარს, პროდუქტს ტოვებდნენ და გვეუბნებოდნენ, დაეხმარეთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომაო. მერია, „აგროჰაბი“ და წითელი ჯვარი ერთდორულად ვახორციელებთ პროექტს, იქ შესულ ადამიანებს ხვდება ჩვენი თანამშრომლები. ეს პროექტი გუშინ დავიწყეთ და უკვე 300 პაკეტია შეგროვებული, მართლაც დიდი მადლობა ყველას, თანადგომისთვის, რასაც რიგითი მოქალაქეები აკეთებთ.
გარდა ამისა, უნდა ვთქვა, რომ “GT გრუპმა“ ამ პროდუქტებთან ერთად მოგვცა ავტომობილი, რომლითაც შესაძლებლობა გვექნება, ეს პროდუქტები თავის დანიშნულების ადგილზე მივიტანოთ. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო და მოვიკითხო ყველა ის რიგითი მოქალაქე, ვინც ჩართულია და თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყველაფერს აკეთებს, რომ ამ პროგრამით, ამ პროეტით ერთად შევუწყოთ ხელი იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს. საკმაოდ ბევრია ასეთი ადამიანი, მე ყველას სახელი და გვარი არ ვიცი, ეს ადამიანები თავისი ნებით მიდიან სუპერმაკეტში, ყიდულობენ ამ პროდუქტებს, რომელიც ჩვენგან არის მითითებული და ტოვებენ სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე. ნამდვილად გვეამაყებით და მიხარია, რომ ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი გამგეობის თანამშრომლებს, ვინაიდან დღე და ღამის განმავლობაში ჩართულები არიან, რომ კარგად და სწორად განხორციელდეს ეს პროექტი, ასევე ჩვენს მოხალისეებს, ახალგაზრდებს, ყველას ვინც კი ჩართულია, გადამზადებულია წითელი ჯვრის პროგრამით, დაცულია მაქსიმალურად როგორც მათი უსაფრთხოხების წესები. მნიშვნელოვანია ერთობა და მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელზეც გვესაუბრებიან და რომელზეც არის მითითებები“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განმარტებით, აღნიშნულ პროექტში ჩართვის სურვილი „გუდვილმა“, „კარფურმა“ და „სმარტმა“ გამოთქვეს. ელოშვილის თქმით, ანალოგიური პროექტი რეგიონებშიც დაიწყო.