თბილისის მერიაში სახელფასო დანამატების გაცემის თაობაზე ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა

დავით ნარმანიას ბრძანებასთან დაკავშირებით, რომელიც მერიის თანამდებობის პირებზე დანამატის გაცემას გულისხმობს, დედაქალაქის მერიაში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი შესაძლოა, მოგვიანებით გაკეთდეს. საუბარია მერიის თანამდებობის პირებზე დანამატის გაცემის შესახებ ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც, დანამატი, 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასის პროპორციულად უნდა გაიცეს.

დოკუმენტის მიხედვით, დანამატის ჯამური რაოდენობა ოთხი თვის განმავლობაში 152 060 ლარს შეადგენს.

ბრძანების მიხედვით, ყოველთვიურ დანამატს იღებენ დედაქალაქის ვიცე-მერი - 3540, მერის მოადგილე - 3360, მერიის ადმინისტრაციის უფროსი 3180, მისი პირველი მოადგილე - 2000 და მოადგილე - 1800, საქალაქო სამსახურის უფროსი - 2600, რაიონის გამგებელი - 2600, რაიონის გამგებლის მოადგილე - 1800, მერიის აპარატის (სამსახურის) მრჩეველი - 1300, ასევე სხვა თანამდებობის პირები.

ბრძანების მიხედვით, დანამატს 26 თანამდებობის პირი იღებს.