კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, რუსთავში კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკი დაიკეტა

რუსთავში კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკი, ვიზიტორებისა და დამსვენებლებისთვის დაიკეტა. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ბეგაშვილი აცხადებს, ცენტრალური პარკი დამსვენებლებს, ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებამდე ვერ მიიღებს. ბეგაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად დაიცვან, დარჩნენ სახლში და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გარეთ არ გამოვიდნენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავში შესაბამისი ღონისძიებები გატარდა, აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება, ადმინისტრაციულ შენობებში და სკვერებში ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები

ამასთან ერთად, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციური ბლოკი ე.წ. “ცხელების ცენტრად” გადაკეთდა. ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციური კორპუსიდან პაციენტების გამოყვანა და სხვა კლინიკებში გადანაწილება უკვე მოხდა.

როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე აცხადებს, თუ კი პაციენტს ცხელება გამოუვლინდება, მისი გადაყვანა ინფექციური კორპუსის ბოქსირებულ პალატაში მოხდება, ცენტრალური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილება, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ინფექციური დეპარტამენტის ბლოკს იზოლირებული შესასვლელი აქვს.