მსოფლიო კორონავირუსს ერთდროულად ორ ფრონტზე ებრძვის. პანდემიის გავრცელების შეჩერებისა და ინფიცირებულთა გამოჯანმრთელების გარდა, გადასარჩენია ეკონომიკა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი შინ გამოკეტილი მოქალაქეები.
სწორედ ამ მიზეზით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა დღემდე უპრეცედენტო ანტიკრიზისულ ზომებს მიმართავს.
მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2 ტრილიონი დოლარის მოცულობით ეკონომიკის სტიმულირების კანონს, რომელიც წარმოადგენს გადაუდებელი დახმარების უმსხვილეს პაკეტს ამერიკის ისტორიაში. მისი მიზანი კორონავირუსისგან გამოწვეული სწრაფად მზარდი კრიზისის შეჩერებაა. ესპანეთი მზად არის ვირუსისგან დაზარალებულ ადგილობრივ ბიზნესს 200 მილიარდი ევროთი დაეხმაროს. გარდა ამისა, ესპანეთში მოქალაქეები დროებით გაათავისუფლეს იპოთეკური სესხების შენატანებისგან, ასევე საიჯარო გადასახადების გადახდისგან. ქვეყნის ხელისუფლება კომუნალური სერვისების მიმწოდებლებს მოუწოდებს, განაგრძონ დენის, გაზისა და წყლის მიწოდება იმ მოქალაქეებისთვისაც, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და ამ ეტაპზე კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან. ესპანეთის ცალკეული პროვინციები დამოუკიდებლად აგვარებენ უმუშევრად დარჩენილებისთვის ფულადი კომპენსაციის საკითხს.
330 მილიარდი გირვანქა გამოყო ბიზნესის მხარდასაჭერად დიდმა ბრიტანეთმა, რათა მეწარმეებმა იჯარისა და თანამშრომლების ხელფასების შეუფერხებლად გადახდა შეძლონ. 550 მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებს გერმანია და აცხადებს, რომ ხელსაყრელი კრედიტები ხელმისაწვდომი იქნება როგორც მსხვილი, ისე მცირე კომპანიებისთვის.
340 მილიარდი ევროს "ჩასხმას" აპირებს იტალია ეკონომიკაში, ხოლო სოციალური პაკეტების სახით 500 ევროს ერთჯერადად გადაუხდის ყველა თვითდასაქმებულსა და დროებით "დაპაუზებული" ბიზნესის თანამშრომლებს, აგრეთვე შეზღუდვების პერიოდში დასაქმებულებს, მათ შორის ფოსტის თანამშრომლებსა და ტაქსის მძღოლებს.
როგორი იქნება საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული დახმარების პაკეტი როგორც ბიზნესისთვის, ისე მოსახლეობისთვის? - ამის გასარკვევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას მივმართეთ.
- მოქალაქეები, რომლებიც მთავრობის მითითებას ასრულებენ, დღეს შინ სხედან, შემოსავლის გარეშე ან უმუშევარი დარჩნენ. რა მიზნობრივ სოციალურ პაკეტებს შესთავაზებს მათ ხელისუფლება?
- თქვენ იცით, რომ კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შერბილების მიზნით მთავრობა არაერთ ნაბიჯს დგამს. სახელმწიფო დახმარების პროგრამა ორი მიმართულებით იმუშავებს: დახმარების ობიექტი ის ბიზნესები იქნებიან, რომლებიც ამ დახმარების შედეგად შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს, ასევე უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები, რომლებიც, მიუხედავად მცდელობისა, სამუშაო ადგილების გარეშე დარჩებიან, რადგან კერძო სექტორს ძალიან გაუჭირდა. ჩვენ ამიტომაც დავეხმარეთ სასტუმროებსა და საზოგადოდ, ტურიზმის ინდუსტრიას და ჯამში 1 მილიარდი ლარის შეღავათები გავუწიეთ, რათა მათ თავიანთი პერსონალი შეინარჩუნონ.
მეორე მხრივ, აქცენტი გვაქვს იმ ადამიანებსა და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც მიუხედავად ამ მცდელობისა, მაინც დაკარგავენ სამუშაო ადგილებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მათ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ კორონავირუსით გამოწვეული ეს მძიმე პერიოდი.
- ოპოზიციამ არაერთი ანტიკრიზისული პაკეტი შესთავაზა ხელისუფლებას, მათ შორის იყო საუბარი კომუნალური ვაუჩერების გაცემაზე, ერთჯერადი დახმარებების შემუშავებაზე სოციალურად დაუცველებისთვის, ხელფასის გადახდაზე უმუშევრად დარჩენილებისთვის. რას ფიქრობთ ოპოზიციის ამ წინადადებებზე და თუ არის თანხვედრA იმასთან, რაზეც მთავრობა მუშაობს?
- საქართველოს ხელისუფლებამ და ეკონომიკურმა გუნდმა ბოლო დღეებში მიიღეს უპრეცედენტო ზომები, რათა დავეხმაროთ ბიზნესს და ყველაზე მეტად მოწყვლად ინდუსტრიებს.
რა თქმა უნდა, ამ გამოწვევის წინაშე საზოგადოება კონსოლიდირებულია და ეს სწორია. ამ ფონზე მომსწრე გავხდებით ახალი ინიციატივებისა, რაც წამოვა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისგან, თუმცა ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - პოლიტიკოსები, რაოდენ კეთილი მიზნებიც უნდა ამოძრავებდეთ, პასუხს აგებენ მხოლოდ თავიანთ განცხადებებზე და ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლები, პასუხს ვაგებთ ჩვენს ქმედებებსა და ჩვენი მოქალაქეების ბედზე. ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ. შესაბამისად, თითოეული ჩვენი ნაბიჯი გათვლილი უნდა იქნეს, ვინაიდან არ ვიცით, რა დრო დაგვჭირდება ამ პრობლემის გადასალახავად.
ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, გადავლახავთ, მაგრამ დროსთან დაკავშირებით ზუსტი სურათი არა გვაქვს. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენი ნაბიჯი რესურსების გათვალისწინებით სწორად უნდა გავთვალოთ. ამაზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. დღეს ისეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ, რომლებიც მომავალში გაგვირთულებს ნორმალური მუშაობის რეჟიმში დაბრუნებას.
- რატომ გადაწყდა ლარის კურსის სუბსიდირება რამდენიმე პროდუქტზე, როცა ფასების სტაბილურობაზე კონსტიტუციით ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი?
- როგორც იცით, მთავრობამ შეიმუშავა საგანგებო მექანიზმი, რომლითაც ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასები გაკონტროლდება. ეს არის 9 მნიშვნელოვანი პროდუქტი: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.მთავრობამ ფასის ზრდისგან დაზღვევის მექანიზმი შესთავაზა მოსახლეობას. ეს პოზიციები ბიზნესთან შევათანხმეთ. ჩვენ მათ კონკრეტულად ფიქსირებული კურსით შეგვიძლია გადავუზღვიოთ საქონლის ფასი. განსხვავება კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული კურსიდან კომპენსაციის სახით შეგვიძლია ავუნაზღაუროთ მსხვილ მომწოდებლებს, რათა მათ კონკრეტული ფასი შეინარჩუნონ ამ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის სასურსათო მომარაგება.
- რეგიონის ბევრი ქვეყანა გადასულია სავალუტო კურსის ხისტი პოლიტიკის გატარებაზე და ჩვენ რატომ არ მივმართავთ ამ ღონისძიებებს?
- ლარის კურსი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. მძიმე საყურებელია, რომ ლარი, რომელიც ჩვენი კოორდინირებული მუშაობით წინა თვეებში ძალიან კარგად დავასტაბილურეთ, კორონავირუსისგან - ამ გლობალური გამოწვევისგან გამომდინარე, უფასურდება. კორონავირუსი ეკონომიკას გლობალურად ურტყამს, საქართველო კი მსოფლიო ეკონომიკის ნაწილია. ჩვენ არა ვართ იზოლირებულ კუნძულზე და ცხადია, ყველა პრობლემა, რაც კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკაში იქმნება, ჩვენზეც აისახება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერთ-ერთი ტენდენციაა, რომელიც ამ ახალმა, ჩვენთვის აქამდე უცნობმა გამოწვევამ მოიტანა. სანამ ეს პრობლემა გაჩნდებოდა, ლარი საკმაოდ სტაბილური იყო, თუმცა, შექმნილი პანიკური განწყობა არა მარტო ლარის კურსზე მოქმედებს, არამედ საქონლის მოხმარებაზე და სხვ. მოლოდინები ნეგატიურია და აქედან გამომდინარე, ცხადია, ლარი იმაზე მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მიზეზები გამოიწვევდა. თუმცა, არსებობს ეკონომიკური მიზეზებიც.
ტურიზმი, პრაქტიკულად, შეწყდა და ეს არის მსოფლიოს შეგნებული გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსი უფრო მასშტაბურად არ გავრცელდეს. ჩვენთვის ტურიზმი უცხოური ვალუტის შემოდინების სერიოზული წყარო იყო და ეს არის ობიექტური მიზეზი. ექსპორტი გრძელდება, მაგრამ, ცხადია, მისი მასშტაბი შემცირებულია და აქედან გამომდინარე, ეს წყაროც ნაკლებად მოქმედებს. საქართველოს ხელისუფლებას გლობალური კრიზისის შეჩერება არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია შეარბილოს ადამიანებზე ლარის გაუფასურების ზეგავლენა და ამას აკეთებს.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ დავაზღვიეთ სასურსათო კალათა, 9 პროდუქტი, რათა ფასები არ გაიზარდოს და ლარის გაუფასურებამ ჩვენს სასაქონლო კალათას არ დაარტყას. გარდა ამისა, ბანკებთან შეთანხმებით მოხდა საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია და მოქალაქეებს ერთხანს გადასახდელი არ ექნებათ სესხის პროცენტი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს შემოსავლები შეუნარჩუნდეთ - თუ ასი პროცენტით არა, არსებითად მაინც, რომ ყოველდღიური ხარჯები გადაუვადდეთ ან არ გაეზარდოთ.
- ახლა რთულია პროგნოზირება, მაგრამ თუ შეგიძლია გვითხრათ, რა ეკონომიკურ დანაკარგებზე შეიძლება იყოს საუბარი საქართველოს შემთხვევაში კრიზისის დასრულების შემდეგ? ალბათ, გაიზრდება უმუშევრობაც და სიღარიბის მაჩვენებლებიც...
- მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური იყოს. ჩვენ გვქონდა მოლოდინი იანვრისა და 2019 წლის შედეგებზე დაყრდნობით, რომ წლეულს გვექნებოდა ეკონომიკის უპრეცედენტოდ მაღალი ზრდა. ამის ყველა წანამძღვარი არსებობდა. ცხადია, ვერავინ გათვლიდა, რომ მსოფლიო კორონავირუსის გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებოდა. რა თქმა უნდა, პროგნოზი არ იქნება ისეთივე საიმედო, როგორიც აქამდე იყო, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ამ საფრთხის ნეიტრალიზაცია.
წყარო: „კვირის პალიტრა"