შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის იანვარში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი გულგრილობისა და სიყალბის ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100%-ით გაიზარდა.
კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს სამსახურებრივი გულგრილობის - 2, ხოლო 2019 წლის იანვარში 1 ფაქტი დაფიქსირდა. გახსნის მაჩვენებელი 0%-ია. რაც შეეხება სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებს, მათი მაჩვენებელი 2-დან 4-მდე გაიზარდა. გახსნის მაჩვენებელი კი 25%-ია.
ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა მიმდინარე წლის 1-ელ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.13%-ით არის შემცირებული. კერძოდ, თუ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში სამოხელეო დანაშაულის 48 ფაქტი დაფიქსირდა, 2019 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 47 იყო.
ამასთან, უწყების ცნობით, სტატისტიკურად 2020 წლის იანვარში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან ყველაზე მეტი - 30 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. გარდა ამისა, 2020 წლის იანვარში 3 - ქრთამის აღების; 7 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევა დაფიქსირდა.