გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტების გაცემა დღეს დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტების გაცემა დღეს დასრულდება. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის, ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის, 8 დასახელების პროდუქტი თითქმის ყველა დაწესებულებაში გაიცა, დარჩენილია მხოლოდ ორი საბავშვო ბაღი, სადაც მიმდინარე პროცესი დღეს დასრულდება.

„ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების აღსაზრდელების მშობლებისთვის გადაცემა მერიის გადაწყვეტილებით განხორციელდა. ჯამში, დაგეგმილი გვქონდა არამალფუჭებადი საკვების 6000 ოჯახისთვის გადაცემა. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით, პროდუქტების დარიგება 27 მარტს დავიწყეთ და თითქმის დავასრულეთ. გამონაკლისი მხოლოდ 1-ლი და მე-12 ბაღია, სადაც რამდენიმე მშობელმა გვთხოვა პროცესი ორშაბათამდე გადაგვეწია. რაც შეეხება იმას, ვაპირებთ თუ არა ანალოგიურ ქმედებას განმეორებით, გეტყვით, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიხედვით ვმოქმედებთ და შემდგომ გადაწყვეტილებებსაც აღნიშნულის მიხედვით მივიღებთ“, - განაცხადა კოვზიაშვილმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, 16 მარტიდან, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, ქვეყნის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი აღარ განახლებულა.