„საწვავზე ფასის შემცირება სავარაუდოდ, გაგრძელდება“ - როგორ რეაგირებს ქართული ბაზარი ნავთობის გაიაფებაზე

„მიმდინარე ეტაპზე საწვავზე ფასის შემცირება სავარაუდოდ, გაგრძელდება“,- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით ის მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის პარალელურად, საქართველოში ბოლო თვენახევრის განმავლობაში საწვავის ფასი საშუალოდ, 25-30 თეთრით შემცირდა. მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაიაფება სავარაუდოდ, გაგრძელდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტის ღირებულების განსაზღვრაში ლარის გაცვლით კურსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, კონკრეტულ ციფრებზე საუბარი რთულია.

ცნობისთვის, ლონდონის ICE ბირჟაზე დღეს Brent-ის ტიპის საწვავზე ფასი კიდევ შემცირდა. ივნისის ფიუჩერსებზე ფასმა 7,9%-ით დაიკლო და 22,97 დოლარი შეადგინა.

ბოლოს Brent-ის მარკის საწვავის ფასი ასეთ დაბალ მაჩვენებელზე 2002 წლის ნოემბერში იყო. ამ დროისთვის კი, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი (WTI) კი 20,2 დოლარს შეადგენს.

ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც OPEC+ მონაწილეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება წარმოების მოცულობის შემდგომ შემცირებაზე.

ვანო მთვრალაშვილი: „მოგეხსენებათ, ნავთობის ფასთან მიმართებით მსოფლიოში არაორდინალური ვითარებაა, რადგან პანდემია, კორონავირუსი, თავის ძალებს ყოველდღიურად იკრებს. ამან განაპირობა ის, რომ გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებულია, შესაბამისად, ამ პროცესის შედეგად ფასები ეცემა.

ახლა აქ კითხვა ისმის, ჩვენი ადგილობრივი ბაზარი როგორ რეაგირებს ამაზე? მინდა გითხრათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, სადღაც საუბარია თვენახევარზე, საქართველოს ბაზარზე საწვავის ფასი შემცირებულია საშუალოდ, 25-30 თეთრით.

აქვე, ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, საცალო ქსელში საწვავის ფასი დამოკიდებულია ორ კომპონენტზე: ნავთობროდუქტების საერთაშორისო ფასებზე პლატცის მიხედვით და მეორე, ლარის გაცვლით კურსზე დოლართან მიმართებით. შესაბამისად, ამ ორი მოცემულობის ერთობლიობამ, რაც გვაქვს ერთის მხრივ, საერთაშორისო ფასებთან და მეორეს მხრივ, ლარის გაცლით კურსთან მიმართებით, განაპირობა საწვავის გაიაფება. მიმდინარე ეტაპზე ფასების შემცირება სავარაუდოდ, გაგრელდება, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რთულია იმაზე საუბარი, რამდენით და კონკრეტულად რა პერიოდში“.

ნინი ქეთელაური