ქონების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

მთავრობა პრივატიზაციის პროცესში აქტიურ ჩარევას აპირებს?

ქართველი ექსპერტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქონების შესახებ კანონში ცვლილებები შედის: სულ მალე ამ კანონში პრივატიზების ორი ახალი ფორმა - უსასყიდლოდ გადაცემა და გაცვლა გაჩნდება. მართალია, განხილვა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე წარდგენილია. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემა მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა პრივატიზაციის პროცესით სერიოზულად არის დაინტერესებული.

bpn.ge-სთან საუბრისას ”ეკონომიკური განვითარების ცენტრის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ პარლამენტში პრივატიზაციის შესახებ შეტანილი კანონპროექტის მიზანი გაუგებარია: ”ეს ნორმები უკვე ჩადებულია ამჟამად მოქმედ კანონმდებლობაში, ოღონდ განსხვავებული ფორმულირებით: თუ გინდა აჩუქო ვინმეს სახელმწიფო ქონება, მიჰყიდე ერთ ლარად, თუ გინდა გაუცვალო, ესეც შესაძლებელია, ოღონდ ტოლფასი ქონება უნდა მისცე. ამიტომ, ძნელია ითქვას, თუ რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ცვლილებები. თუ პრივატიზების დაჩქარება სურთ, ამჟამად არსებული ყველა ფორმა იძლევა ამის შესაძლებლობას. კანონში ამ მხრივ პრაქტიკულად არაფერი იცვლება, განსხვავება მხოლოდ ნიუანსებშია. მე არ ვიცი, ამას შეგნებულად აკეთებენ, თუ შეცდომა მოსდით”.

რომან გოცირიძის თქმით, ქონების შესახებ კანონში შეტანილი პრივატიზების ორი ახალი ფორმა – უსასყიდლოდ გადაცემა და გაცვლა - საშუალებას იძლევა, რომ ქონების გადაცემა არა ყიდვა-გაყიდვის, არამედ ჩუქების ფორმით მოხდეს.

რომან გოცირიძე: ”რა თქმა უნდა, ჩუქება და ერთ ლარად გაყიდვა ფინანსურად იდენტური ცნებებია, მაგრამ იურიდიულად მთლად ასე არ არის: პირველ შემთხვევაში, ქონების გადაცემა ხდება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მეორე შემთხვევაში - განსხვავებული ფორმით, მით უმეტეს, აქ იკვეთება ფსიქოლოგიური და მორალური ასპექტებიც - ვინ იცის, რამდენს წამოაძახებენ, რატომ გაჩუქა მთავრობამ ქონებაო... საერთოდ, ნაყიდი ქონება უფრო დაცულია. ამიტომ არის მთელ მსოფლიოში გავრცელებული ქონების სიმბოლურ ფასად, ერთ დოლარად გაყიდვის ტრადიცია. მთავარი კი სულ სხვა რამეა: ამჟამად მოქმედ კანონში არის პრივატიზების ორი ანალოგიური ფორმა, რომელიც არ საჭიროებს დამატებით რაღაცის გამოგონებას. ეს ფორმებია - 1. პრივატიზება პირდაპირი მიყიდვის წესით, რაც ძალიან სწრაფად და მარტივად შეიძლება თუნდაც ერთ ლარად და მეორე - კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ გადაცემის ფორმა, მაგრამ არც ესაა დიდი უბედურება. პრობლემა სულ სხვა ნიუანსშია: ეს ეხება ახალი ფორმის შემოღებას - გაცვლას. ამჟამად ამ ნორმას ჰქვია სახელმწიფო ქონების გადაცემა ტოლფასი ქონების სანაცვლოდ. მთავრობის პროექტში კი, ტოლფასობის ცნება გაქრა ანუ მე შემიძლია მეორე ადამიანს მილიონი ლარის ქონება ათასი ლარის ქონების სანაცვლოდ გადავცე. აი, ეს უკვე დამაფიქრებელია. ნუთუ სახელმწიფოს უღირს ათასლარიანი ქონების სანაცვლოდ მილიონიანი ქონების შეთავაზება? - ეს ხომ სრული აბსურდი და უაზრობაა?! მოკლედ, ამ ცვლილებების ლოგიკურ არსს მე ვერ ჩავწვდი”.

bpn.ge ამავე საკითხის გასარკვევად პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილეს, თემურ მაისურაძესაც დაუკავშირდა.

თემურ მაისურაძე:

”კომიტეტში ამ საკითხებზე უკვე ვიმსჯელეთ, განსხვავებული მოსაზრებებიც მოვისმინეთ, მაგრამ თვითონ კანონპროექტის განხილვა ჯერ არ გვქონია, რადგან ეს კანონპროექტი კომიტეტამდე ჯერ არ მოსულა. ჩვენ გვქონდა მოსმენა იმ ვარიანტებისა, რომლებიც ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა. ძალიან ბევრი ვერსია იყო და ამ ვერსიებზე სერიოზული მსჯელობაც გაიმართა. კანონპროექტი ჯერ არ წაგვიკითხავს, მაგრამ საკომიტეტო მოსმენებზე რომ შემოვა, ვეცდებით არსებული ვარიანტებიდან საუკეთესო შევარჩიოთ. ბოლოს ყველა ეს საკითხი კენჭისყრაზე გამოვა და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, რასაც უმრავლესობა მოიწონებს.

იქნებ, ჩვენც გვაქვს კრიტიკული მოსაზრებები ექსპერტების მიმართ იმიტომ, რომ ნებისმიერ საკითხს ორი მხარე აქვს და ორივეს საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება. ნებისმიერი მოსაზრება კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს და ყველაზე უკეთესი ვარიანტი შეირჩეს. გონივრულ და რაციონალურ შენიშვნებს განხილვის პროცესში აუცილებლად გავითვალისწინებთ - არა მგონია, ასეთი შენიშვნა უყურადღებოდ დარჩეს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტის განხილვასაც სერიოზული კამათი და დებატები მოჰყვება”.

ხათუნა ჩიგოგიძე